თებერვლიდან ქართულ თაფლი ევროპულ ბაზარზე გავა

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია ფიქრობს, რომ მომდევნო წლის თებერვლიდან ქართულ თაფლს შეეძლება გავიდეს ევროპულ ბაზარზე ქართული სერთიფიკატით, რომელიც იქნება საერთაშორისოდ აღიარებული.ამის შესახებ ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.  მინისტრის განცხადებით, მას სურს მიულოცოს ყველა მეფუტკრეს და მთელ საქართველოს, ვინაიდან დაიწყო მეფუტკრეობის დარგის აღორძინების პროცესი. დანელიას განცხადებით, ეს არის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

"ჩვენ ასევე მივიღეთ კოოპერირების შესახებ ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ გარემოებას, რომელიც დაგროვდა ჩვენს პრაქტიკაში მეფუტკრეების ხელშეწყობის კუთხით. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 70%-იან თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან როგორც არსებული, ისე მათთან დისტრიბუციის შედეგად მიღებული სკების იდენტიფიკაციას, რათა იყოს მიკვლევადი და დაცული ყველა ნორმა და სტანდარტი, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული", - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, შესაბამის კონსულტანტებს მოიწვევენ და დაიქირავებენ იმისათვის, რომ შესაბამისი კონსულტაციები გაუწიონ და შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს სტანდარტების მისაღწევად.  სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია 31 დეკემბრამდე უსასყიდლოდ მოახდენს თაფლის ინსპექტირებას, შემოწმებას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას კოოპერატივებისთვის. "ჩვენ ვფიქრობთ მომდევნო წლის თებერვლისთვის ქართულ თაფლს შეეძლება გავიდეს ევროპულ ბაზარზე ქართული სერთიფიკატით, რომელიც იქნება საერთაშორისოდ აღიარებული", - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს კოოპერირების კუთხით გადაწყვეტილება, თუმცა უკვე დაწყებულია მუხურში საველე სადგურის სამუშაოები, რომლის პროექტიც თითქმის დასრულებულია და ამ დღეებში გამოცხადდება ტენდერი.