მევენახე გლეხთა მდგომარეობა

ილია ჭავჭავაძე, 1887 წელი

ტფილისი, 23 ივნისი

როცა ამბობენ, ესა თუ ის ქვეყანა მდიდარიაო, ამით იმისი თქმა არ უნდათ, რომ ვითომ იმ ქვეყნის ერია მდიდარი, იმიტომ, რომ შესაძლოა ერი მდიდარი იყოს და ამ სიმდიდრეში თვითონ ქვეყანა, როგორც მომცემს ადგილს, არავითარი მონაწილეობა არა ჰქონდეს სიმწირის გამო. სიმდიდრეს ქვეყნისას შეადგენს ის ძალ-ღონე ჰავისა და მიწისა, რომელიც შესაძლოდა ჰხდის მოცემის მრავალგვარობას, და რამდენადაც ეს მრავალგვარობა დიდია, იმოდენად მდიდარია ქვეყანა. ამ საბუთით ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა მდიდარია, რადგანაც ჰავა და მიწა ბევრგვარს საგანს სიმდიდრისას იძლევა, თუ კაცი ცნობიერად ხელს მოჰკიდებს და ცოდნით და ხერხიანად გაირჯება. ჩვენი ქვეყანა, მაგალითებრ, ღვინოს და კარგი თვისების ღვინოსაც იძლევა სხვათა შორის. ამ მხრით, იგი მდიდარია იმ ქვეყნებზედ, საცა ვაზი გამო ჰავისა ვერა ჰხეირობს. ეს ხომ ესეა, მაგრამ ერთი საოცარი ამბავი უნდა შევნიშნოთ. ჩვენ არაერთხელ გაგვიგონია ჩვენის ყურით გულისხმიერ შინაურ კაცთაგან, რომ გლეხობა აქ არის ჩვენში ღარიბი და ყელთამდე ვალში ჩაცვივნული, საცა ვენახობა და, მაშასადამე, ღვინის კეთება გახშირებულია და საცა გლეხკაცობა ამ ვენახობაზედ არის უფრო მეტად თავდადებულიო. პირიქით, საცა გლეხობა მარტო ხვნა-თესვას მისდევს, იქ კი გლეხნი უფრო შემძლებელნი და უვალონი არიანო. ხშირად ამის დასამტკიცებლად თვითონ სოფლებიც დაუსახელებიათ და ამ სოფლების მცოდნე კაცებს უთქვამთ, რომ ამ დასახელებულ სოფლებში მართლა ეგრეა გლეხთა მდგომარეობაო. ჩვენც თვითონ გამოგვიძიებია ეს საოცარი ამბავი ჩვენს ახლო-მახლო თვითო-ოროლა სოფლებში და, ჩვენდა სამწუხაროდ, გამოძიებას არც ერთგან არ გაუმტყუნებია ზემოხსენებული ნათვალევი შინაურ კაცებისა: ყველგან, საცა თვალი მიგვიწვდენია, გამოსულა, რომ გლეხობა იქ უფრო შეძლებულია და უვალო, საცა ვენახები ან სულ არა აქვთ, ან ძალიან ცოტა და საცა უფრო ხვნა-თესვაა, ვიდრე სხვა რამ მიწათმოქმედება. ეს ისეთი დაუჯერებელი ამბავია პირველი შეხედვით, რომ ჩვენს თვალსაც არ ვუჯერებდით და გულში ვამბობდით, თვითო-ოროლა სოფლის მაგალითი ჯერ კიდევ საბუთი არ არის, სიღარიბის მიზეზად ვიცნათ საგანი სიმდიდრისა, რომელსაც ღვინო წარმოადგენს. მართალიც არის: როგორ დავიჯეროთ, რომ ღვინომ, ესე იგი, მომეტებულმა წყარომ სიმდიდრისამ, ერი გააღარიბოს. ეს მადლის ცოდვად გადაქცევა, ლხინის ჭირად გარდაქმნა ჭკუაში როგორღაც არ მოდის, ლოღიკა როგორღაც ვერ ითვისებს, ვერ იწყნარებს; აქ უნდა სხვა რამ მიზეზი იყოს და ამ მიზეზის გამორკვევა მეტად საინტერესო გახდა ჩვენთვისა. დრო გადიოდა და ჩვენ შევიტყვეთ, რომ ერთი დიდი მემამულე, რომელსაც ორასის დღის ვენახი აქვს გადაჭიმული ერთს ადგილას, ნებას არ აძლევს გლეხობას მის მამულში ვენახი აიშენოს სწორედ იმ მიზეზით, რომ ჩემი გლეხობაო, რომელიც ეხლა მარტო ხვნა-თესვას მისდევს და ცოტად თუ ბევრად წელმაგარია, გაღარიბდება, რაკი ვენახის დავიდარაბას აიკვიატებსო. ჩვენ ვიცნობდით ამ მემამულეს და საინტერესოდ გაგვიხდა მისგან ამ საგანზედ შეგვეტყო რამე. მან გვითხრა, რომ სწორედ ეგრე ვიქცევი ჩემს მამულში და ჩემისთანა უვალო და შეძლებული გლეხობა ბევრს არ უსახლიაო. ჩემს გვერდით ჩემობას ერთი პატარა სოფელი დაშენდა სახელმწიფო მამულზედაო და როცა ამ პატარა სოფლის გლეხთა ვენახების გაშენება დააპირეს, ბევრი ვურჩიეო, თუ თავის დაღუპვა არ გინდათ, ვენახებს თავი დაანებეთ, მარტო ხვნა-თესვას მიჰყევითო. არ დამიჯერეს და ეხლა ჰნანობენო, ყელთამდე ვალებში არიან, და ჩემი გლეხები კი იმოდენად კარგად არიან, რომ ისინი ამათ შეჰნატრიანო. დღესაც იმ ადგილებში გარშემო ვენახები აქვს გლეხობას და მარტო შუაგული მამულია ხსენებულ მემამულისა, საცა არც ერთს გლეხს ვენახი არა აქვს და არც ნდომობს, რომ იქონიოს. ჩვენ ეს ამბავი სულ სხვა მიზეზს მივაწერეთ, რადგანაც ლოღიკას როგორღაც არ ეფერებოდა. ჩვენ გვეგონა, რომ რადგანაც ხსენებულს მემამულეს სულ სხვა ხიზნები ჰყავს თავის მამულში, ამ მიზეზით ნება არ მიუცია ვენახების გაშენებისა, რომ მკვიდრად ფეხი არ მოიკიდონ მამულში და მერე სადავიდარაბოდ არ გაიხადოს საქმე. ამის გამო სულ სხვა მიზეზი შევწამეთ და არა ის, რასაც იგი გვაუწყებდა. ეხლა კი ეს საოცარი ამბავი სხვა მხრიდამაც ჰმართლდება. ხომ მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩვენში ბ-ნმა ტიხიევმა რჩეულნი მოხელენი გაჰგზავნა სხვადასხვა ადგილას ჩვენში სახელმწიფო გლეხთა ეკონომიურის ყოფაცხოვრების გამოსაძიებლად. ამათგან ერთმა, ბ-ნმა არღუთინსკიმ, გამოიძია თელავისა და სიღნაღის მაზრის გლეხობის ყოფა-ცხოვრება და როგორც ეტყობა საბუთიანადაც, და იმასაც, წარმოიდგინეთ, იგივე შეუნიშნავს შესახებ იმ გლეხებისა, რომელნიც მევენახეობას უფრო მისდევენ. იგი ამბობს, რომ საცა გლეხობა ვენახობას აჰყოლია ამ ორს მაზრაში, ნამეტნავად თელავისაში, იქ გლეხობა ვალშია, ღარიბია და სახელმწიფო გადასახადის დარჩენილი ფულიც იქ მეტია, ვიდრე სხვაგანაო, ამის დასამტკიცებლად საბუთებიც მოჰყავს საკმაოდ შესაწყნარებელი. რაკი ამ მხრითაც შემოწმებულია დღეს ის დაუჯერებელი ამბავი, რომელიც წინად მოვიხსენიეთ, არ შეიძლება კაცმა ყურადღება არ მიაქციოს და მის ვითარებას არ ჩაუკვირდეს, როგორ გადაექცევა ჩვენს გლეხობას ერთი კაი მოზრდილი წყარო სიმდიდრისა სიღარიბის სათავედ, - ამის გამოძიება და გამორკვევა მეტისმეტად საინტერესოა და ჩვენს ამ საგანს ჩვენის შეძლებისამებრ გამოვიკვლევთ.

ტფილისი, 24 ივნისი

ცალკე ის მოწმობანი, რომ ყველგან, საცა გლეხკაცობა მისდევს ვენახის კეთებასა, გლეხნი სიღარიბეში არიან და ვალებით დამძიმებულნი, ცალკე ის უეჭველი ამბავი, რომ ვენახები თანდათან ჰმატულობენ და მრავლდებიან ქართლ-კახეთში და ამ უკანასკნელ დროს უფრო ქართლში, - ორს ერთმანეთის შეუფერებელს და შეუწყნარებელს მოვლენას წარმოგვიდგენენ. თუ ვენახებითა ჰღარიბდებიან გლეხნი, რაღად მრავლდება ვენახები და თუ ვენახები მრავლდება, რაღას ჰნიშნავს ხსენებული მოწმობანი? ვენახების გამრავლება ხომ ანგარიშზეა დამოკიდებული და თუ ვენახები ანგარიშში არ მოდის, თავს ტყუილად ვინ გაიცივებდა იმის გასამრავლებლად, რაც ხეირის მაგიერ მარტო ზიანისა და ზარალის მომტანია. ჩვენა გვგონია, რომ ამ ერთმანეთის დამლევს და შემუსვრელს ამბავის მიზეზს მივუხვდებით, თუ თვალწინ წამოვიყენებთ იმ ეკონომიურს ძალ-ღონეს, რომელიც გლეხკაცობას ვენახის გასაშენებლად აიძულებს. ვენახი თუ ამინდი ხელს უწყობს და წელიწადი კარგი შეხვდა, დიდძალს მოგებას იძლევა. მაგალითებრ, ბ-ნ არღუთინსკის გამოძიებით გამოდის, რომ თელავის მაზრაში დღიურს ვენახზედ იხარჯება წელიწადში 34 მანათი და შემოსავალი კი ორთა შუა მოსავლისა იძლევა 110 მანათსა, ასე, რომ დღიურზედ წმინდა მოგება რჩება 76 მანათი. ხვნა-თესვა კი იმავ მხარეს იძლევა წმინდა შემოსავალს დღიურზედ 10 მანათსა და ორს აბაზსა, რადგანაც ბ-ნ არღუთინსკის გამოყვანილი აქვს ხვნა-თესვის ხარჯი დღიურზედ 14 მანათი და ორი შაური და შემოსავალი 24 მანათი და ათი შაური, ისიც მაშინ, თუ პურია დათესილი.

იხილეთ გაგრძელება