სერგი კაპანაძე: ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გასაღები ჩვენსავე საშინაო ეკონომიკურ პოლიტიკაშია

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" თანათავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს ესაუბრა.

- ბატონო სერგი, მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ სოციალურ ქსელში თქვენს მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მინდა გთხოვოთ, ჩვენს მკითხველებსაც გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები საკადრო ცვლილებებზე, საგარეო უწყების ეკონომიკური დიპლომატიის პერსპექტივაზე და დღევანდელ მსოფლიოში ამგვარი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე?

- ახალი არ გახლავთ ის, რომ საქართველოში ეკონომიკური დიპლომატია იყოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად დასახელებული. იგი ჩვენთან განსაკუთრებულად აქტუალური მაშინ ხდება, როცა ჩვენს ეკონომიკას უჭირს. იმის გამო, რომ ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებულია ინვესტიციებზე და ჩვენივე ვალუტის კურსი დამოკიდებულია დოლარის შემოდინებებზე, ამ პრობლემების გადასაჭრელად და ერთ-ერთ გამოსავლად ყოველთვის ეკონომიკური დიპლომატია სახელდება. ყოველ შემთხვევაში, მთავრობა აღიქვამს მას ერთ-ერთ გამოსავლად.  მაგალითად, გილაურის მთავრობაში ცალსახად იყო აღებული ეკონომიკური დიპლომატია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. სწორედ მაშინ დაიწყო ამ საქმეში ელჩების აქტიურად ჩართვა, რომ მათი საქმიანობა მეტად ყოფილიყო ფოკუსირებული ინვესტორებთან მუშაობაზე. მაშინ პირველად დაიწყო საელჩოებში მეტი ეკონომისტის გაგზავნა. იმის თქმა მინდა, რომ ეს ახალი არ არის. ის, რომ ახლა მოხდა მსგავსი რამ, ასევე ძალიან ლოგიკურია, ვინაიდან დღეს ჩვენს ეკონომიკას უჭირს. ვიმეორებს, ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმუშაოს ინვესტორებთან, ამაში ახალი არაფერია.  როგორც წესი, პრობლემა არის, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანლად ეკონომიკის მინისტრი მოდის, არ მოხდეს ამავე უწყებაში სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულველყოფა. ანუ, არ მოხდეს სხვა ტრადიციულად მნიშვნელოვან მიმართულებაზე ძალისხმევის მოდუნება. გამოუცდელ მინისტრსა და მთავრობას ეს შეიძლება, მოუვიდეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს შემთხვევაში ის, რაც საგარეო უწყების მართლა პრიორიტეტია, მათი დავიწყება არ მოხდება. ესენი გახლავთ ჩვენი ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია, დეოკუპაცია, რუსეთთან ურთიერთობები და ასე შემდეგ.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებას. ის, რომ კვირიკაშვილს არ აქვს დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება, ეს უდავოდ მისი დიდი მინუსია. ეს გამოსწორებადია, მაგრამ საკმაოდ რთულია თავის დამკვიდრება კოლეგა მინისტრებში, თუ ლიდერობის, ეშხის, პროფესიონალიზმის და ა.შ. დეფიციტი გაქვს. მოახერხებს თუ არა კვირიკაშვილი ამას, მალე ვნახავთ. წინ გაერო-ს მაღალი დონის დებატები და ეუთო-ს და ნატო-ს მინისტერიალებია. ჩემი აზრით, კარგ მინისტრს, უნდა ჰქონდეს სამი თვისება: იყოს კარგი მენეჯერი, კარგი მომლაპარაკებელი და ჰქონდეს ქარიზმა. აქედან მას რომელი აქვს და რომელი არა, სულ მალე გამოჩნდება.

- თბილისში მორიგი ამბასადორიალი მიმდინარეობს და ამ თემაზე ბევრი აზრი გამოითქმის, მაგრამ თუ უკვე გაკეთებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, აშკრაა, რომ ჩვენი დიპლომატიური კორპუსი ეკონომიკაზე ორიენტირებული დიპლომატიის გატარებისათვის მზად არ უნდა იყოს. არადა, ეკონომიკურ ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ ჰიპერაქტიური საინცესტიციო პოლიტიკა უნდა გაატაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ეკონომიკას ეშველება და არც ლარის კურსის ვარდნას. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი საგარეო უწყების მიერ წარმოებული ეკონომიკაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა წარმატებული აღმოჩნდეს?

- ახლა როცა, ინვესტიციების აშკარა ნაკლებობა გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არ გახლავთ დიპკორპუსის მზაობა და ამ საკითხებთან მიმართებაში მათი ფორმაში ყოფნა. ელჩი არ არის ეკონომისტი. დიპლომატიურ მისიაში შეიძლება იყოს ერთი-ორი ეკონომისტი, მაგრამ მაგრამ საელჩოების იმაზე გადაწყობა, რომ მათ მარტო ინვესტიციებზე იმუშაონ, არ არის არც სწორი და არც გაამართლებს. პრობლემა სხვა რამეშია. ინვესტრორებს შესაძლოა, პრობლემები იმის გამო კი არ შეექმნას, რომ ჩვენ ცუდი დიპლომატები გვყავს, არამედ იმის გამო, რომ ქვეყნის შიგნით არ ხდება ინვესტორებისთვის ხელშეწყობა. როცა იღებენ კანონს, რომელიც კრძალავს მიწის გაყიდვას, მკაცრდება რეგულაციები ქვეყნის შიგნით, არის სრულიად გაუგებარი სავიზო პოლიტიკა, 9 თვის განმავლობაში შემოაქვთ შეზღუდვები, შემდეგ ამ შეზღუდვების ნაწილს ხსნიან, ასეთი ტიპის ნაბიჯებისა და არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარების პირობებში ძნელი წარმოასადგენია, რომ სერიოზულმა ინვესტორმა საქართველოში საქმის კეთებაზე იფიქროს. ანუ, ასეთ ვითარებაში ინვესტორის მოზიდვა სულ უფრო ძნელი ხდება. ასეთ ვითარებაში მარტო დიპლომატიის იმედად ყოფნა, გულუბრყვილობა იქნებოდა. თუ ამ საკითხების მიმართ მიდგომები მთავრობამ არ შეიცვალა, რაც არ უნდა გენიოსი, ეკონომიკური განათლების ელჩები გვყავდეს, რეალურად არც არაფერი შეიცვლება.

ჩემი აზრით, ახლა, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც რეალურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. კარგია, რომ ხელისუფლებას უნდა, დიპლომატიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გასაღები არა ჩვენს ეკონომიკურ დიპლომატიაში, არამედ ჩვენსავე საშინაო ეკონომიკურ პოლიტიკაშია. ამიტომ, მე ამ თემაზე დაწყებული საუბრის პერსპექტივას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. როცა საგარეო უწყება ასეთ კურს იღებს ხოლმე, შემდეგ ჩნდება სხვა საფრთხე, კერძოდ, ელჩებზე ხდება ზეწოლა, სწორედ ამ კუთხით იმუშაონ და გვერდზე რჩება ის, რაც მართლა მათი საქმეა. ვფიქრობ, რომ ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად მთავრობამ გამოსავალი სხვა სფეროებში უნდა ეძებოს.

აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორების მოზიდვაში პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების აქტიურობა, პირადი კავშირების გამოყენება. არადა, ვიცი კონკრეტული შემთხვევები, როცა მსხვილი ინვესტორი საქართველოში ჩამოვიდა, ჰქონდათ სურვილი, შეხვედროდნენ ივანიშვილს, ვინაიდან მათაც იციან, რომ გადაწყვეტილებებს ის იღებს, ვიცი, რომ ამგვარ შეხვედრას თვეების განმავლობაში ელოდნენ. როცა ასეთი მიდგომებია ქვეყანაში, ძალიან ძნელია, სერიოზულად ესაუბრო პოტენციურ სერიოზულ ინვესტორებს. რაც შეეხება ვაჭრობის კუთხით საქმიანობის გააქტიურებას. ამ კუთხით საქართველოსთვის პირველი რიგის პრობლემა და ამოცანაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების დადება და თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, უპირველესად აშშ-სთან, ეს შეიძლება იყოს ჩინეთი, თურქეთი, რომელთანაც თავისიფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დადებული გვაქვს, მაგრამ საჭიროა მისი სრულად ამოქმედება. ამ კუთხით, მართლაც შეიძლება, რომ ჩვენი დიპლომატია იყოს აქტიური. ამ საქმეში ასევე მთავარია, თუ როგორ მოქმედებს პრემიერ-მინისტრი, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობა და არა მარტო კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მაგალითად, 2012 წელს ჩვენ ამერიკელებთან გვქონდა მაღალი დონის შეხვედრა, რომელზეც აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართვლოსა და აშშ-ს უნდა ჰქონდეს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა. იმის შემდეგ სამწელიწადნახევარი გავიდა და ამ მხრივ არაფერი არ მომხდარა. მაშინ ამ თემაზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მაგრამ ითქვა, რომ ამ თემაზე მაღალ დონეზე დიალოგი უნდა დაწყებულიყო. ამ მიმართულებით 2013 წლიდან არც არაფერი არ გაკეთებულა და ნაბიჯიც კი არ გადადგმულა. პრობლემა იმაშია, რომ აშშ-სთან მაღალი დონის შეხვედრებზე ეს საკითხი ჩვენი მხრიდან არც კი დასმულა. არადა, რადგან აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა ამის შესახებ, ამ მიმართულებით წინ რომ გადაგვედგა ნაბიჯი, ამის ალბათობა რეალურად არსებობდა. ასეთი ტიპის ბონუსის არგამოყენება განა შეიძლებოდა? ესაა პრობლემა. იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც გვაქვს კარგი სავაჭრო ურთიერთობა ან არის პოტენციალი ამგვარი ურთიერთობების გაზრდის, აუცილებელია სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნა. გასაგებია, რომ ეს ხარჯებთან და ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები. მიმაჩნია, რომ აშშ-ში საქართველოს სავაჭრო წარმომადგენლობა უნდა არსებობდეს. ასევე შეიძლება გვქონდეს სავაჭრო წარმომადგენლობა თურქეთში, უკრაინაში, ცენტრალურ აზიაში. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება გამოსავალი. თუ ქვეყნის შიგნით არ შეიცვალა ის ტენდენციები, რაც ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება, რაც არ უნდა გვქონდეს აქცენტი გაკეთებული ეკონომიკურ დიპლომატიაზე, რეალურ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ.

იხილეთ გაგრძელება