კახეთში სტიქიით დაზიანებული სახლების გადახურვა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, ყვარელსა და ლაგოდეხში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 21 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა - რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. "გადახურვის სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინაციით ტარდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგულარულად განახორციელებს მონიტორინგს, რათა დროულად აღმოიფხვრას სამუშაო პროცესში წარმოშობილი შესაძლო ხარვეზები", - განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ 1335 სახლის სახურავი დაზიანდა. აქედან, დაახლოებით 600-600 სახლის სახურავია დაზიანებული ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხოლო 135 ახმეტის მუნიციპალიტეტში.  "სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა შემოდგომა-ზამთრის სეზონს კეხეთის რეგიონის მოსახლეობა გადახურულ სახლებში შეხვდეს", - განმარტავენ უწყებაში.