გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით ნორვეგიის საქმიანი წრეების დაინტერესება იზრდება

საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით ნორვეგიის საქმიანი წრეების დაინტერესება იზრდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბორგე ბრენდესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"შევთანხმდით, რომ მეტად აქტუალურია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება. უნდა აღვნიშნო, რომ იზრდება ნორვეგიის საქმიანი წრეების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით. იმედი გვაქვს, რომ ეს დაინტერესება, უახლოეს პერიოდში, კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებში ჰპოვებს ასახვას. ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში მინდა გამოვყო ენერგეტიკის სფერო, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ამჟამად, ნორვეგიული კომპანია "Clean Energy Invest" მდინარე აჭარისწყალზე აშენებს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს. ამ მასშტაბური და წარმატებული პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის დამოუკიდებლობასა და მდგრადობას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია 2013 წლიდან მიმდინარე სამწლიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის შესწავლას ითვალისწინებს და რომლისთვისაც ნორვეგიის მთავრობამ სოლიდური თანხა გამოყო. "ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდია ნორვეგიის როლი საქართველოს განათლების სფეროს მოდერნიზების პროცესში. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მადლიერებას იმ ფინანსური და საექსპერტო მხარდაჭერისთვის, რასაც ნორვეგიის მთავრობა ახორციელებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვისთვის. მეტად მნიშვნელოვანია ჩვენს მთავრობებს შორის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე არაერთი პროექტი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო-ნორვეგიის ორმხრივი თანამშრომლობა, ასევე წარმატებით ვითარდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.  "მნიშვნელოვანია ნორვეგიის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ ვისაუბრეთ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და "არსებითი პაკეტის" განხორციელების მიმდინარეობაზე, რომლის იმპლემენტაციაში ნორვეგიას სერიოზული წვლილი შეაქვს. ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში, ხელმძღვანელი ნორვეგიელი სამხედრო იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის შესახებ.  როგორც კვირკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იგი აქტიურად არის ჩართული საერთო-ევროპულ პროცესებში და მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს ევროკავშირთან.  "მოგეხსენებათ, 2014 წლის ბოლოს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნების (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. დღეს დასრულდა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც თბილისში გაიმართა. მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და იმედს გამოვთქვამთ, რომ დაგეგმილ 4 რაუნდში შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების დასრულება. EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპის ეკონომიკურ სივრცეში, ჩვენს ექსპორტიორებს მისცემს ახალ შესაძლებლობებს და გამოიწვევს დამატებით საინვესტიციო ინტერესს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.