"აწარმოე საქართველოში" - სახელმწიფო სასტუმროების ბიზნესის ხელშეწყობას გეგმავს

სასტუმროების ბიზნესში კვლავ გამყინვარებაა - ეს პერიოდი კიდევ დიდხანს გაგრძელდება

საშუალო კლასის სასტუმროები ტურიზმის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოში ეს სფერო საკმაოდ მძიმე ვითარებაშია. პრაქტიკულად, ჩვენთან მხოლოდ მაღალი კლასის სასტუმროებია, რომლებიც საშუალო ფენისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამ ბიზნესის მფლობელების თქმით, მსოფლიოში საშუალო კლასის სასტუმროებზე მოთხოვნა მაღალია. თუმცა, ჩვენთან ეს სფერო არახელსაყრელი ფაქტორების მიზეზით, ვერ ვითარდება.

ამ სფეროს წახალისების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - "აწარმოე საქართველოში" ამ მიმართულებით ახალი კომპონენტის დამატებასა და ამოქმედებას გეგმავს.

თუ რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ სასტუმროებს, უცნობია. როგორც bpn.ge-ს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტმენტის უფროსმა ოთარ ანთიამ განუცხადა, პროექტის შესწორებული ვარიანტი განსახილველად მთავრობას სექტემბრის მეორე ნახევარში გაეგზავნება. იქამდე კი, ანთია დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. თუმცა, პროექტში ადგილობრივებთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის კომპანიების ჩართვას არ გამორიცხავს. რაც მისი თქმით, რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია.

ოთარ ანთია: ტურიზმის ხელშეწყობის კომპონენტი ჯერ დამუშავების პროცესშია. მთავრობამ ის რედაქცია უნდა დაამტკიცოს, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ. პირველი შეთავაზების დროს გარკვეული შენიშვნები იყო, ძირითადად ტექნიკურ-იურიდიული. სანამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. გამორიცხული არ არის, რომ პროექტში ცვლილებები კიდევ შევიტანოთ. იმ შემთხვევაში თუ მთავრობას შენიშვნა არ ექნება, მაშინ პროექტში ორივე მხარეა გათვალისწინებული -ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების მონაწილეობა. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებას დაველოდოთ.

- როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო მხარდაჭერით უკვე შემდგარი სასტუმრო ბიზნესი ისარგებლებს თუ ის, ვინც ბაზარზე ფეხს ახლა იკიდებს და ხელშეწყობა უფრო სჭირდება?

- საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე, ყველა თანაბარ სიტუაციაში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში მხარდაჭერა საერთაშორისო ბრენდებისთვის კი არ ხდება, არამედ უშუალოდ კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში მათ შემოყვანას ახორციელებენ, ანუ ქართულ ორგანიზაციებზეა საუბარი. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა აუცილებელია.

- სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულად რა სახის მხარდაჭერაზეა საუბარი?

- ტექნიკური მხარდაჭერა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ინფრასტურქტურა. ეს მარტივი ჩამოსაყალიბებელი არის. ამ ბიზნესში ძალიან ბევრი მოთამაშეა ჩართული და ყველას ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს. ვიმედოვნებთ, რომ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ეს კომპონენტი სექტემბრის ბოლოსთვის მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამ სექტორის განვითარებისთვის გამოყოფილი იქნება თანხა, რომლის რაოდენობაც ბაზარზე წარმოდგენილ მოთხოვნებზე დამოკიდებული იქნება. საქმიანობის წამოსაწყებად კომერციული ბანკებიდან გამოყოფილი სესხის წლიური თანადაფინასნება სახელმწიფოს მხრიდან 10% ოდენობის იქნება. ეს არის პრინციპი, რითაც ტურიზმის განვითარებისას ვიხელმძღვანელებთ.

რას ფიქრობენ სასტუმრო ბიზნესის წქარმომადგენლები სახელმწიფო ინიციატივაზე და რა სიტუაციაა ამ სფეროში, ამის გასაგებად bpn.ge  სხვადასხვა სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობამ "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის შესახებ არ იცოდა. რაც შეეხება საშუალო კლასის სასტუმროების მშენებლობის საკითხს, ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ საქართველოში ეს ბიზნესი ვერ ვითარდება, რადგამ არახელსაყრელი ბიზნესგარემოა.

მამუკა კაპანაძე, სასტუმროების ქსელი თანადამფუძნებელი: "რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ხელშეწყობა ამ ბიზნესს წაადგება. ჩვენი ქსელი სამ ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან შედგება. ამ მიმართულებით სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. ეროვნული ვალუტის დევალვაციამ ეს სფერო კიდევ უფრო დააზარალა. სახელმწიფოს მხრიდან დიდი რეკლამაა საჭიროა, რომ საშუალო კლასის სასტუმროების ბიზნესი განვითარდეს, რადგან ტურისტები სწორედ საშუალო კლასის სასტუმროებით დაინტერესებულები არიან."

მარიამ ცქიფურიშვილი, "შაინის" სასტუმროების ქსელის მარკეტინგის მენეჯერი: "ნებისმიერი პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ადგილობრივ ბიზნესს ხელშეწყობაში დაეხმარება და განვითრებაზე ზრუნავს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. თუმცა, სხვა საკითხია როგორაა დაგეგმილი და რა შედეგამდე მიიყვანს. მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სამ ვარსკვლავიანი სასტუმროებია, ვინაიდან საშუალო კლასი უფრო მეტია, ვიდრე ლუქსი. ჩვენს ქსელში სამ ვარკვლავიანი სასტუმროებია. თუმცა, ახლო მომავალში 4 ვარსკვლავიან სასტუმროს გავხსნით, რომელსაც "შაინი" პარტნიორებთან ერთად აკეთებს და "თბილისი ინნ" ერქმევა."

მისივე თქმით, საშუალო კლასის სასტუმრო ბიზნესი კვლავ რთულ სიტუაციაშია და სავარაუდოდ, კრიზისული პერიოდი კარგა ხანს გასტანს

- "ნებისმიერი ბიზნესის განვითარება, მათ შორის, სასტუმროების დამოკიდებულია ქვეყანის სტაბილურობასა და ხელსაყრელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მე, როგორც ამ ბიზნესში ჩახედული ადამიანი გეუბნებით, რომ ჩემთვის რთულია ნომერი დაბალ ფასად გავყიდო და მეტი სტუმარი მივიღო, რადგან ძალიან დიდი ხარჯი მაქვს. სახელმწიფო ამის საშუალებას არ მაძლევს. სამწუხაროდ, ეს პერიოდი კიდევ დიდხანს გასტანს." - დასძინა ცქიფურიშვილმა.

როგორც მეწარმეთა განვითარების სააგენტოში ამბობენ, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება.

სალომე გოგოხია