ეგვიპტელი მილიარდერი ლტოლვილებისთვის კუნძულის შეძენას აპირებს

ეგვიპტელი მილიარდერი ნაჯიბ სოვირისი მიგრანტების საბერძნეთში ან იტალიაში ხმელთაშუაზღვის კუნძულებზე დასახლების წინადადებით გამოდის.

"საბერძნეთო ან იტალია, მომყიდეთ კუნძული, რომელსაც "დამოუკიდებლობას" დავარქმევ და მიგრანტებს დავასახლებ. უზრუნველვყოფ მათ სამუშაოთი, რათა ახალი ქვეყანა ააშენონ", - დაწერა ეგვიპტელმა ტელემაგნატმა "ტვიტერზე".

მისივე თქმით, შესაძლოა ეს გიჟური იდეაა, მაგრამ მიგრანტების კუნძულზე დასახლება დროებითაც შეიძლება, ვიდრე სამშობლოში არ დაბრუნდებიან.

"თქვენ ათობით მიტოვებული და აუთვისებელი კუნძული გაქვთ, სადაც ასობით ათასი ლტოლვილის დასახლება შეიძლება", - განუცხადა ეგვიპტელმა მილიარდერმა AFP-ს და დასძინა, რომ ლტოლვილებს ახლა "საქონელივით ექცევიან". მისივე თქმით, სურს, რომ მიგრანტებს ადამიანური ღირსება დაუბრუნოს.

ნაჯიბ სოვირისი რამდენიმე ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო ქსელსა და ტელევიზიას ფლობს. ივლისში მან "ევრონიუსის" აქციათა ძირითადი პაკეტი შეიძინა.

ევროკავშირის ბოლო მონაცემებით, იტალიაში 39 600 თავშესაფრის მაძიებელია, საბერძნეთში კი 66 400.