გიორგი კვირიკაშვილი: პრივატიზაციის გეგმა უდიდესწილად შესრულდა

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პრივატიზაციის გეგმა უდიდესწილად შესრულდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხისას განუცხადა, ის ვერ იტყვის, რომ პრივატიზაციის გეგმა ვერ შესრულდა. "უდიდესწილად ეს შესრულდა. პრივატიზაციას, რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი გარემო. რეგიონში ეკონომიკური სიტუაცია მთლად სახარბიელო არ არის, ამიტომ, რა თქმა უნდა როდესაც იცი, რომ ფასები შეიძლება დასტაბილურდეს და გაცილებით უკეთეს პირობებში გაიყიდოს ესა თუ ის ქონება, სახელმწიფო რა თქმა უნდა უნდა ეცადოს გაუფრთხილდეს ამ ქონებას და უკეთეს დროს დაელოდოს გაყიდვისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში მოხდა ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა, ძირითად ნაწილში პრივატიზაციის გეგმა არის შესრულებული. გთხოვთ, ასეთი პროფილის შეკითხვები დაუსვათ ეკონომიკის მინისტრს და დარწმუნებული ვარ მაქსიმალურად კომპეტენტურ პასუხს მიიღებთ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.