უნგრეთმა მიგრანტებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა

უნგრეთის მთავრობამ ლტოლვილებს ავტობუსები გამოუყო, რითიც მათ ავსტრიაში გამგზავრების საშუალებას მისცემენ. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

უნგრეთი ამ დრომდე ქვეყანაში ჩასულ მიგრანტებს ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდა. თუმცა, ავსტრიის მთავრობამ განაცხადა, რომ გერმანიასთან ერთად შეთანხმდა მიგრანტებს მისცენ უფლება გადაკვეთონ მათი საზღვრები.  ავტობუსები ბუდაპეშტის რკინიგზის სადგურზე უკვე გამოჩნდა. უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალურ სადგურზე ათასობით მიგრანტი უკვე მეხუთე დღეა იმყოფება. ევროკავშირის ქვეყნების მიერ ხელმოწერილი დუბლინის შეთანხმების მიხედვით, ლტოლვილმა თავშესაფარი ევროკავშირის იმ ქვეყანაში უნდა მოითხოვოს, სადაც ის პირველად ჩავა. ბოლო პერიოდში აფრიკელი და აზიელი მიგრანტების რიცხვმა ევროპაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით 14 სექტემბერს ევროკავშირის ლიდერები საგანგებო სხდომას გამართავენ.