მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელები

ამერიკულმა გამოცემა "ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში 12 ჩოგბურთელი მოხვდა, რომელთა შემოსავალმა საერთო ჯამში, გასულ წელს 300 მილიონი დოლარი შეადგინა.

რეიტინგის ლიდერი შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი გახდა, რომლის მთლიანმა შემოსავალმა 67 მილიონი დოლარი შეადგინა. "ფორბსის" თანახმად, ფედერერის საპრიზო ფონდი 2014 წელს 9 მილიონი დოლარი იყო, 58 მილიონი დოლარი კი რეკლამებიდან და პარტნიორული კონტრაქტებიდან მიიღო. შვეიცარიელ ჩოგბურთელს გრძელვადიანი კონტრაქტები აკავშირებს ისეთ კომპანიებთან, როგორებიც "მერსედესი", "ნაიკი" და "როლექსი" არიან. 34 წლის ჩოგბურთელი ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტსმენების ხუთეულში მოხვდა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების რეიტინგის მეორე პოზიციაზე ნოვაკ ჯოკოვიჩი აღმოჩნდა, რომლის შემოსავალმა 48,2 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან ჯოკოვიჩის საპრიზო ფონდი 17,2 მილიონი დოლარი იყო, რეკლამებიდან შემოსული თანხა კი 31 მილიონი დოლარი.

მესამე ადგილზე ესპანელი რაფაელ ნადალი აღმოჩნდა. გასულ წელს ტრავმების გამო ნადალს სეზონის თითქმის ნახევარი გაუცდა, რის გამოც მისმა საპრიზო ფონდმა მხოლოდ 4,5 მილიონი დოლარი შეადგინა მაშინ, როცა 2013 წელს ეს მაჩვენებელი 10 მილიონი დოლარის ტოლი იყო. საერთო ჯამში, რაფაელ ნადალმა გასულ წელს 32,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მეოთხე ადგილი ერგო რუს ჩოგბურთელ მარია შარაპოვას - 29,7 მილიონი დოლარით. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალის, მარია შარაპოვას საპრიზო ფონდმა 6,7 მილიონი დოლარი შეადგინა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდა ამერიკელი სერენა უილიამსი, რომლის მთლიანი შემოსავალი 2014 წელს 24,6 მილიონი დოლარი იყო.

რეიტინგშ ასევე მოხვდნენ ენდი მიურეი - 22,3 მილიონი დოლარი, კეი ნისიკორი - 19,5 მილიონი დოლარი, კაროლინ ვოზნიაცკი - 14,6 მილიონი დოლარი, სტენ ვავრინკა - 11,1 მილიონი დოლარი, ანა ივანოვიჩი - 8,3 მილიონი დოლარი, გრიგორი დიმიტროვი - 7,8 მილიონი დოლარი და პეტრა კვიტოვა - 7,7 მილიონი დოლარი.