მივიწყებული ქართული კულტურები

ჩვენი ქვეყნის მცენარეული სამყარო ძალზე მრავალფეროვანია.

მდიდარ ბუნებას ხალხური სელექციაც დაერთო და საქართველოში უამრავი საუკეთესო მცენარეული კულტურა გამოიყვანეს. ისინი დღეს მივიწყებულია, ბევრი კი გადაშენების პირას არის მისული, რადგან სიმინდმა და ლობიომ ტრადიციული კულტურები ჩაანაცვლა. მივიწყებული პარკოსანი კულტურების შესახებ გვესაუბრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში აკაკი ღლონტი.

მუხუდო

იმ მცენარეებს შორის, რომელსაც ჩვენი წინაპრები ფართოდ იყენებდნენ, გახლავთ მუხუდო - ერთ-ერთი გამორჩეული კულტურა, რომელიც ყინვაგამძლეა და არც ძნელი მოსავლელია. ხორბლის მსგავსად, გაზაფხულზეც შეიძლება დაითესოს და შემოდგომაზეც. მუხუდო მოჰყავდათ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, ყველაზე მეტად კი - ქართლში. საქართველოში მუხუდოს 24 ჯიში იყო გავრცელებული: თეთრი მუხუდო, წითელი, გოგრა მუხუდო და სხვ. ეს მცენარე გვალვაგამძლეც არის, კარგად ხარობს როგორც შავმიწა, ასევე თიხნარ ნიადაგებზე. თვისებებით და შემადგენლობით არ ჩამოუვარდება ცნობილ კულტურებს, რომლებიც დღეს მსოფლიო ბაზარზე ფასობს. მუხუდო ძალიან სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. მისი ნაკლი კი ის არის, რომ სარეველებს ვერ ებრძვის. ამიტომ, თუ ნაკვეთს სარეველებს არ მოვაშორებთ, მავნე მცენარეებმა შეიძლება მუხუდოს პლანტაცია გაანადგუროს. თეთრ მუხუდოს ჩვენი წინაპრები საკვებად იყენებდნენ, ხოლო წითელსა და გოგრა მუხუდოს - მეცხოველეობაში.

მუხუდოს წვნიანი

ინგრედიენტები: მუხუდო - 500 გ; პრასი - 40 გ; ხახვი - 80 გ; ლორი ან შებოლილი შაშხი - 100 გ; ნიორი - 10 გ; ზაფრანა - 1/2 ჩაის კოვზი; წითელი წიწაკა - 1/3 ჩაის კოვზი; ახალი ქინძი - 15 გ; შაშკვლავი - 10 გ; ნიახური, ოხრახუში, კოწახური - 10-10 გ; დაფნა - 1 ფოთოლი; მარილი - გემოვნებით; ჯავზი - დანის წვერი; პიტნა - 5 გ; ახალი ქინძი - 15 გრამი.

კერძის მომზადება: მუხუდო გადაარჩიეთ, გარეცხეთ და დადგით მოსახარშად. სასურველია, მანამდე, ერთი ღამის განმავლობაში, ჩაალბოთ წყალში, ოღონდ მოხარშვის დროს პირველი წყალი გამოუცვალეთ. შემდეგ ტაფაზე მოშუშეთ შებოლილი შაშხი ან წინასწარ მოხარშული ლორი, ხახვი, პრასი, ნიორი და მოაყარეთ ზაფრანა. ამ ნაზავს დაამატეთ მუხუდოს წვენი და დადგით მოსახარშად დაბალ ცეცხლზე. 10 წუთში დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ჯავზი, კოწახური, დაფნა, წითელი დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით. მუხუდოს წვნიანი შეგიძლიათ გააფორმოთ დაჭრილი მწვანილით.

მუხუდოს სალათა

ინგრედიენტები: მუხუდო - 1 ჭიქა, სტაფილო - 1-2 ცალი, ხახვი - 1 თავი, ოხრახუში - 1 კონა, მარილი და პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი: მუხუდო წინასწარ დავალბოთ. რამდენიმე საათის შემდეგ გადავწუროთ, დავასხათ წყალი და სანახევროდ მოვხარშოთ. ხახვი და რგოლებად დაჭრილი სტაფილო ოდნავ მოვშუშოთ. დავამატოთ გადაწურული, ნახევრად მოხარშული მუხუდო, დავასხათ 1 ჭიქა წყალი, დავაფაროთ თავზე და ვხარშოთ მომზადებამდე. მზა კერძს დავამატოთ მარილი, პილპილი, დაჭრილი ოხრახუში, სურვილის შემთხვევაში - ცოტა ნიორიც. კერძი უნდა მივირთვათ თბილი.

ოსპი

ჩვენი წინაპრები რაციონში ხშირად იყენებდნენ ოსპს. ისიც ცივ კლიმატს კარგად ეგუება, მაგრამ სარეველებს ვერ ერევა, ამიტომ მიწაზე, სადაც ის მოჰყავთ, სარეველების მოსპობა აუცილებელია. ოსპის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე  2 ტონამდეც ადის. მოსავლის აღება ხორბლის სამკალი კომბაინითაც შეიძლება. ამ მცენარეს მეცხოველეობაში დღესაც ფართოდ იყენებენ, რადგან ის ერთობ ნოყიერი და სასარგებლოა.

ოსპის სუპი

ინგრედიენტები: ხახვი - 100 გრამი; სტაფილო - 200 გ; წითელი ოსპი - 200 გ; ზეთი - 40 გ; პრასი - 1 ცალი; მარილი და მწვანილი - გემოვნებით

მომზადება: ყველაზე კარგად წითელი ოსპი იხარშება, მით უმეტეს, თუ წინასწარ დაალბობთ, ერთი-ორი საათი მაინც. ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ მსხვილად გახეხილი სტაფილო და კიდევ 2-3 წუთი მოშუშეთ. ძალიან უხდება თხელ რგოლებად დაჭრილი პრასი, რომელსაც ასევე ტაფაში დაამატებთ მოშუშვის დროს. აადუ­ღეთ ქვაბში 2 ლიტრი წყალი, იქ გადაიტანეთ მოშუშული ბოსტნეული და ადუღებამდე მიიყვანეთ. ჩაამატეთ ოსპი და კიდევ 15-20 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. ოსპი უნდა დარბილდეს და ფერსაც შეიცვლის - უფრო ღია ფერის გახდება. ბოლოს დაუმატეთ მარილი. შეგიძლიათ, მწვანილიც დაუმატოთ, ოღონდ, გემოვნებით.

ოსპის სუპ-პიურე

ინგრედიენტები: წითელი ოსპი - 150 გ; სტაფილო - 4 ცალი; ნიახური - 1 კონა; ხახვი - 1 თავი; ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი - 1,2 ლიტრი; ზეთი; მარილი.

მომზადება: ხახვი, ნიახური და სტაფილო წვრილად დაჭერით. ჯერ ხახვი მოხრაკეთ ტაფაზე, მერე დაუმატეთ სტაფილო და ნიახური. დაუმატეთ გარეცხილი და ცოტა ხნით დამბალი ოსპი და ცოტა ხანს, დაახლოებით 2 წუთს, შუშეთ, თან ურიეთ. ქვაბში ჩაასხით წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი (ბულიონი მანამდე უნდა გქონდეთ მოხარშული - ჩვეულებრივ, კარტოფილით, სტაფილოთი, ბულგარულით, ხახვით, ნივრით, დაფნის ფოთლით და მხოლოდ წვენი უნდა გამოიყენოთ). წამოდუღებულ წვენში ან წყალში დაუმატეთ უკვე მოხრაკული ბოსტნეული და ნელ ცეცხლზე ხარშეთ. როცა ოსპი მოიხარშება, დაამატეთ სუნელები და მარილი. შემდეგ ბლენდერით გათქვიფეთ.

იხილეთ გაგრძელება