"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ამერიკულ კომპანია AECOM-თან ითანამშრომლებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მოწვევით, თბილისში, უმსხვილესი ამერიკული კომპანია AECOM-ი ჩამოდის.

კომპანიის ინფორმაციით, AECOM-ი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარება, რაც ქართულ კომპანიას საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე (IPO) გასვლაშიც შეუწყობს ხელს.  7 სექტემბრიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში, AECOM-ის ექსპერტები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალისტებს პროფესიულ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გაუწევენ კონსულტაციას.

AECOM-ი უკვე 25 წელია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმატებით თანამშრომლობს 150-ზე მეტი ქვეყანის მთავრობებსა და კერძო კომპანიებთან. მას არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული მშენებლობის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ნავთობის ინდუსტრიისა და წყალმომარაგების სფეროებში.