საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს საფუძველი ეყრება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. "პირველად საქართველოში შენდება საერთაშორისო მნიშვნელობის საავიაციო ნაწილების საწარმო. საწარმოში მაღალტექნოლოგიური მასალებისაგან დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის ნაწილები, რომლის მომხმარებლები იქნებიან ისეთი მსოფლიო გიგანტები, როგორიცაა Boeing-ი, Bombardier-ი, Sukhoi, Airbus-ი. საწარმოში წარმოებული პროდუქცია, რა თქმა უნდა, მთლიანად გავა ექსპორტზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია ELBIT Systems-ის პარტნიორობით. "ELBIT SYSTEMS-ი გახლავთ მსოფლიოში ცნობილი კომპანია, რომელიც თავდაცვითი სისტემების მსხვილი მიმწოდებელია ისეთი წამყვანი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი. ჩვენთვის ძალიან საპატიოა, რომ ამ კომპანიის პრეზიდენტი ბატონი მაჰლი დღეს ჩვენთანაა, ასეთმა მნიშვნელოვანმა კომპანიამ გამოგვიცხადა ნდობა და ასეთი მოცულობის ინვესტიციას დებს საქართველოში", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 85 მილიონი დოლარია. "საწარმოს გახსნა დაგეგმილია 2017 წლისათვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელება საქართველოს სახელმწიფო ფონდის - საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. ფონდს სოლიდური თანამონაწილეობა აქვს ამ პროექტში, რომელშიც იგი 40 მილიონი დოლარით შედის. საპარტნიორო ფონდი მუშაობს კიდევ 15 პროექტზე, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა ორ მილიარდ აშშ დოლარამდეა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ასეთი დონის პროექტის დაწყება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ბიზნესს, ინვესტორებს და ნაყოფიერად მუშაობს ყველასთან, ვისთან თანამშრომლობასაც კონკრეტული შედეგები მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს პროექტი 300 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. აქ დასაქმდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები გადაამზადებენ", - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამ კომპანიას პრობლემები უსამართლოდ შეექმნა რისთვისაც კომპენსაციის გადახდაც მოუწია.  "ის რომ ეს კომპანია ბრუნდება საქართველოში, ეს ჩემთვის პირადად ბევრს ნიშნავს და ჩემი მთავრობისთვის. ეს არის თქვენი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი. მე ვიცი, რომ საააკაშვილის მთავრობის დროს უსამართლოდ შეექმნა ამ კომპანიას პრობლემები, რისთვისაც სააკაშვილის მთავრობას მოუწია კომპენსაციის გადახდა თქვენთვის. თქვენი დაბრუნება ნიშნავს, რომ ნდობა, რომელიც არსებობდა მანამდე, ეს ნდობა აღდგენილია", - აღნიშნა პრემიერმა.