მსოფლიო ბანკს სამხრეთ კავკასიაში ახალი ხელმღვანელი ჰყავს

მსოფლიო ბანკს სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი უხელმძღვანელებს. მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით , მერსი ტემბონი მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში 2015 წლის 1 ოქტომბრიდან დაიკავებს. ამ თანამდებობაზე იგი ბანკის პროგრამას სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში უხელმძღვანელებს. "მერსი ტემბონი აღნიშნულ ქვეყნებში თანამშრომლობის სტრატეგიების განხორციელებას გაუძღვება. ასევე გააგრძელებს დიალოგს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან. ის თბილისში დაფუძნდება, სადაც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული ოფისია განთავსებული", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მერსი ტემბონი კამერუნის მოქალაქე გახლავთ. მან მსოფლიო ბანკში 2000 წელს დაიწყო მუშაობა განათლების სპეციალისტად აფრიკის რეგიონის ადამიანური რესურსების განვითარების განყოფილებაში.  "მას ამ კუთხით მდიდარი გამოცდილება გააჩნია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონსა და ტექნიკურ თუ მენეჯერის პოზიციებზე აფრიკის რეგიონში. აღსანიშნავია, მისი გამოცდილება რიგ ქვეყნებში მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის სტრატეგიებზე თუ პროგრამებზე მუშაობისას. აგრეთვე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობების ხელმძღვანელობის და პარტნიორებთან შედეგიანი თანამშრომლობის თვალსაზრისითაც. მას არაერთ პოზიციაზე უმუშავია, აქედან ბოლო ორი აფრიკის რეგიონში. იგი ჯერ ტანზანიის, შემდეგ კი ბურკინა ფასოს ოფისის ხელმძღვანელი გახლდათ", - ნათქვამია განცხადებაში.

მსფოლისო ბანკის ინფორმაციით, ახალ თანამდებობაზე მერსი ტემბონს სამი მთავარი პრიორიტეტი ექნება.  "პირველ რიგში, გაუძღვეს სამივე ქვეყანაზე მომუშავე ექსპერტთა გუნდებს ცოდნის გაზიარების, გამოწვევების დაძლევის და ფინანსური მომსახურებების კუთხით კლიენტი სახელმწიფოს მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად, რითაც ხელი შეეწყობა მსოფლიო ბანკის ჯგუფის ორ მთავარ მიზანს - უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრასა და საერთო კეთილდღეობის ზრდას. ტემბონი არსებულ საკრედიტო პორტფელს და პროგრამის სამომავლო მიმართულების განსაზღვრას უხელმძღვანელებს. ის გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას IFC-სა და MIGA-სთან მსოფლიო ბანკის ჯგუფის პროგრამის განხორციელების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

მერსი ტემბონი აღნიშნულ თანამდებობას ჰენრი კერალისგან გადმოიბარებს, რომელიც განას, ლიბერიისა და სიერა ლეონეს რეგიონულ დირექტორად დაინიშნა და ქალაქ აკრაში დაფუძნდა.