"ლუფთჰანზას" მფრინავები დღეს გაფიცვას აპირებენ

გერმანული ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" მფრინავები დღეს გაიფიცებიან. ამის შესახებ გერმანული მედიის ცნობით, პროფესიული გაერთიანება "კოქპიტის" ხელმძღვანელებმა განაცხადეს. გაფიცვა 8 სექტემბერს თბილისის დროით, დილის 09:00 საათზე დაიწყება და იგი შეეხება გერმანიის აეროპორტებიდან ყველა რეისს, პირველ რიგში კონტინენტთაშორის ფრენებს.

ეს "ლუფთჰანზას" რიგით მე-13 გაფიცვაა. პროფკავშირების წარმომადგენლები არსებულ სატარიფო შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან. ამას გარდა, მფრინავები საპენსიო ასაკის გაზრდას აპროტესტებენ. კერძოდ, იგეგმება საპენსიო ასაკის 59-დან 61 წლამდე გაზრდა. ამ დრომდე მფრინავების გაფიცვების შედეგად მილიონზე მეტი მგზავრი დაზარალდა. 8 000-მდე რეისი კი გაუქმდა. კომპანიის ფინანსურმა ზარალმა კი 300 მილიონ ევროს მიაღწია.