საპარტნიორო ფონდი საავიაციო ნაწილების ქარხნის მშენებლობას იწყებს. ქარხნის მშენებლობას, რომელსაც საპარტნიორო ფონდი ისრაელის კომპანია ELBIT SYSTEMS-თან ერთად განახორციელებს, საფუძველი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობამ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ჩაუყარეს.
მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. ქარხანაში სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები დამზადდება. მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ქარხანა ისრაელის კომპანიის დახმარებით ასევე მოიპოვებს ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიკატს. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიც არის Boeing-ი, Bombardier-ი, Airbus-ი და სხვები.
"საპარტრნიორო ფონდი იწყებს უპრეცედენტო მასშტაბურ პროექტთა განხორციელებას, ეს არის სამოქალაქო ავიაციისთვის საჭირო კომპოზიტური დეტალების წარმოება ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან ერთად. პრაქტიკულად, აქ იქნება სამოქალაქო ავიაციისთვის უაღრესად საჭირო დეტალები, ეს არის პირველი პრეცედენტი იმისა, თუ როგორ უნდა შემოვიდეს მაღალი პალიტრის ბრენდები საქართველოში. ვფიქრობ, ორი წლის თავზე ეს იქნება უმაღლესი კატეგორიის და უმაღლესი მნიშვნელობის მქონე ქარხანა", - განუცხადა ჟურნალისტებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
პროექტის ღირებულება 85 მილიონი აშშ დოლარია და ინვესტირებაში საპარტნიორო ფონდის წილი 40 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 300 ადგილობრივი დასაქმდება, რომელთა გადამზადება ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ მოხდება. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტი ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.
საავიაციო ნაწილების ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.