საქართველო ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს

საქართველო უკვე მესამედ ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  ღონისძიების მიზანს საზოგადოებისათვის და უცხოელი სპეციალისტებითვის ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და მეთოდოლოგიის, ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის უნიკალურობის, ქართული მეღვინეობის ისტორიისა და კულტურის, მრავალფეროვანი ღვინოებისა და ყურძნის ჯიშების, ქართული სამზარეულოს და კულტურის გაცნობა წარმოადგენს.

სიმპოზიუმი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გახსნეს. ,,ჩვენი ქვეყნისთვის ქვევრის ღვინის სიმპოზიუმის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი სიმპოზიუმი საქართველოში 2011 წელს ჩატარდა. აღნიშნული სიმპოზიუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის შეტანა იყო. წელს კი, საქართველო სიმპოზიუმს უკვე მესამედ მასპინძლობს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ახალი საექპორტო ბაზრების მოძიების მიზნით, აქტიურ მუშაობას განაგრძობს. ოქტომბერში აშშ-ში ქართული ღვინის თვე დაიწყება, რომლის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება ნიუ-იორკში, სანფრანცისკოსა და ვაშინგტონში. ასევე დაგეგმილია იტალიაში, კერძოდ, მილანში იაპონიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება. იტალიელ მომხმარებელს იაპონური სამზარეულოს და ქართული ქვევრის ღვინის, როგორც UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და დაგემოვნება შეეძლებათ. სამინისტროს ცნობით, ქვევრის ღვინის მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმაც მიმართა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ სიმპოზიუმზე საუბარი იქნება არა მხოლოდ ქვევრის ღვინის შესახებ, არამედ ზოგადად ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის, ღვინის დაყენების მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების შესახებ.

ქვევრის ღვინის მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იტალია) მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიები და ჟურნალისტები იღებენ. მათ საშუალება აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და შეხედულებები ქვევრის ღვინის, ღვინისა და კულინარიის დარგში მიმდინარე ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ.  7-8 სექტემბერს სიმპოზიუმს ალავერდის მონასტერი უმასპინძლებს. სიმპოზიუმს ფარგლებში დაგეგმილია საკვებისა და ქვევრის ღვინის შეხამების ღონისძიებაც, რომლის მოდერატორები, ცნობილი ღვინის კრიტიკოსები და წამყვანები ჩარლს მატკალფი და რობერტ ჯოზეფი იქნებიან. ქართული და ევროპული სამზარეულოს შეხამებას ქართველი მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე უზრუნველყოფს.

ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013 წლებში ჩატარდა. 2011 წელს გამართული სიმპოზიუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაციის ,,ქართული ღვინო" და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ინიციატივით ტარდება. სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი, ასოციაციის ,,ქართული ღვინო" პრეზიდენტი თინა კეზელი, ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.