ფინეთის ბანკის პრეზიდენტი ლტოლვილებს ერთი თვის ხელფასს გადაურიცხავს

ფინეთის ბანკის პრეზიდენტი, ერკი ლიიკანენი მზად არის თავისი ერთი თვის ხელფასი ლტოლვილებს გადაურიცხოს.

ამის შესახებ მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო "წითელი ჯვრის" საქველმოქმედო ღონისძიებაში და ლტოლვილებს გადავურიცხო ერთი თვის ხელფასი, რაც 10 000 ევროს შეადგენს. ვიცი, რომ ეს თანხა იმათ მოხმარდება, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება", - დაწერა ფინეთის ბანკის პრეზიდენტმა.

ერკი ლიიკანენი 2008-2014 წლების განმავლობაში "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" ფინეთის ბიუროს ხელმძღვანელობდა. 2004 წლის შემდეგ კი ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრია.

რამდენიმე დღის წინ ლტოლვილების დახმარების სურვილი ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, იუხა სიპილიამაც გამოთქვა. მისი თქმით, ის მზად არის თავშესაფრის მაძიებლებს ქალაქ კემპელეში მდებარე საკუთარი სახლი გადასცეს, რომელსაც მისი ოჯახი თითქმის არ იყენებს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპის კონტინენტზე აფრიკელი და აზიელი მიგრნატების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. თავშესაფრის მაძიებლები ევროპის ქვეყნებს სთხოვენ დახმარებას. ევროკომისიის განცხადებით, მიგრანტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პროპორციულად უნდა გადანაწილდეს. გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ცხოვრების დონე და მოსახლეობის რაოდენობა. ასე მაგალითად, გერმანიამ მიგრანტების 18,42 პროცენტი უნდა შეიფაროს, საფრანგეთმა კი 14,7 პროცენტი.