თბილისს დღეს ისრაელის ოფიციალური დელეგაცია ეწვევა

თბილისს დღეს ისრაელის ოფიციალური დელეგაცია ეწვევა.საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი და სამი დეპუტატი, ბიზნესმენები და წამყვანი მედიის 30 წარმომადგენელი.  დელეგაცია თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებით ჩამოდის და დაგეგმილია მათი მონაწილეობა სამი მრავალმილიონიანი პროექტის დაწყების ოფიციალურ ღონისძიებაში.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინფორმაციით, 8 სექტემბერს, 12:00 საათზე ისრაელის დელეგაცია თბილისის მერთან, დავით ნარმანიასათან ერთად დაესწრება თბილისში ებრაული ინვესტიციით ბუტიკ სასტუმრო "გერგეთის" საფუძვლის ჩაყრას (გერგეთის ქუჩა), შემდეგ კი კიდევ ორი ბიზნეს პროექტის დაწყებაში მიიღებს მონაწილეობას.  "16:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია, ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, საქართველოს ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე და ისრაელის დელეგაციის სხვა წევრები დაესწრებიან თბილისში "ისრაელის სახლის" ახალი ოფისის გახსნას, 13 ივნისს თბილისში სტიქიით დაზარალებული ორი ოჯახისთვის საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ შეძენილი ბინებისა და შშმ ბავშვისათვის ისრაელიდან ჩამოტანილი ელექტროეტლის გადაცემას, ქართველი მომღერლის, ქრისტი ჯაფარიძის ებრაული დისკის პრეზენტაციას, ებრაული ინვესტიციით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "რიქსოსის" მშენებლობის ბოლო ეტაპის თანადაფინანსების ხელმოწერას "საქართველოს ბანკთან" ერთად, საქართველოში Hi-Tech-ის პირველი ებრაული ექსელერატორის პროექტის წარდგენას, იერუსალიმში თბილისის მერის ვიზიტის შეჯამებას, დისკუსიას თემაზე: "პრესის როლი საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში", - ნათქვამია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

9 სექტემბერს, ისრაელის დელეგაციას საქართველოს პარლამენტი მცხეთაში უმასპინძლებს და ისრაელის მედიის წარმომადგენლები გაეცნობიან ქართულ მედიას. როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში აცხადებენ, ისრაელის დელეგაციის სტუმრობა არის ცოტა ხნის წინ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებით თბილისის მერის მიერ იერუსალიმში მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების საპასუხო ვიზიტი. სწორედ ამ ვიზიტისას გადაწყდა ისრაელური ინვესტიციით რამდენიმე მრავალმმილიონიანი პროექტის განხორციელება თბილისში.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს შეფასებით, თბილისის მერის ისრაელში ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისისა, თავდაუზოგავი მუშაობით შესაძლებელია ინვესტიციის მოზიდვა. "8 სექტემბერს ისრაელის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი კი საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში თვისობრივად ახალი ფორმატის - პირდაპირი კავშირების დასაწყისია, რომლის დამკვიდერბაზეც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა მუშაობს", - ნათქვამია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებაში.