მერია მეწარმეების გადამზადებას იწყებს

თბილისის მერია მეწარმეების გადამზადებას იწყებს.დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სასწავლო კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მერიის პროგრამის "მეწარმეობის მხარდაჭერის" ფარგლებში ჩატარდება. თემატურ ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, სასწავლო კურსი ბიზნესსექტორის წარმომადგენელთათვის სამ სასწავლო მოდულს მოიცავს: საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსების მართვა, სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობა და სახელმწიფო შესყიდვები. ტრენინგში მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ როგორც ერთ, ასევე რამდენიმე სასწავლო მოდულს. სასწავლო კურსი უფასოა. მონაწილეები ტრენინგის სალექციო მასალასაც უსასყიდლოდ მიიღებენ. თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

ტრენინგი "ფინანსთა სამინისტროს აკადემიის" სასწავლო ცენტრში ჩატარდება. 2015 წლის ბოლომდე დაგეგმილია 400 მეწარმის გადამზადება.  ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს, ან გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია "ფინანსთა სამინისტროს აკადემიის" ოფიციალური ვებგვერდის www.mofacademy.ge-ის მეშვეობით.