რძე და რძის ნაწარმი 15-20%-ით გაძვირდა

მეწარმეები ამბობენ, რომ ფასის ზრდა რეგულაციების შემოღებას უკავშირდება.

ნატურალურ რძეზე მოთხოვნის ზრდამ წარმოებული პროდუქტის გაძვირება გამოიწვია. არადა, ახლა თითქმის ყველა პირობაა, რომ რძის ნაწარმზე ფასები შენარჩუნებულიყო. წველადობა მაღალია და არც საქონლის საკვები პროდუქტების ფასი გაძვირებულა, პირიქით, შარშანდელთან შედარებით გაიაფდა კიდეც.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ რეგულაციების შემოღებას ფასების ზრდასთან კავშირი არ აქვს.

"რძის ტექნიკური რეგულაციის მთავარი ამოცანა მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული და არა - ფასების ზრდისკენ. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რას ყიდულობს და რა არის ამ პროდუქციის შიგთავსი. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ იყიდა რძის პროდუქტი, რომელიც დამზადებულია რძის ნედლეულიგან და მასში არც ერთი გრამი მცენარეული, ან სხვა გზით მიღებული ნედლეული არაა. ამიტომ მეწარმე თუ აპირებს, რომ გამოიყენოს ტრადიციული სახელწოდებები რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი ისინი აუცილებლად რძის ნედლეულისგან უნდა აწარმოოს. ყველაზე მთავარი, რაც ბევრმა არ იცის, მცენარეული ცხიმებისა და ცილების ბაზაზე დამზადებული რძის პროდუქტები შესაძლოა, მომხმარებლისთვის ალერგიული იყოს. ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე მომხმარებელი ტყუვდებოდა, ეგონა, რომ რძის ნედლეულს ყიდულობდა, სინამდვილეში კი 90% მცენრეული ცხიმებია. თუ პროდუქციას აწერია არაჟანი, მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამას სახელმწიფო აკონტროლებს, მის უფლებებს იცავს და ფალსიფიკაციას არ დაუშვებს," - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინიტროში.

თიკო გურაშვილი