ლეგენდარული მე-9 ბლოკი, რომელიც გაფუჭებულ პატეფონს ჰგავდა

"ჩვენი ეპოქა 20 წელი" - ასე ქვია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ 5 წიგნად გამოცემულ სერიას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს. წიგნების სერიაში წარმოდგენილია პუბლიკაციები, რომლებიც წლების განმავლობაში გაზეთ "კვირის პალიტრაში" იბეჭდებოდა.

bpn.ge პერიოდულად შემოგთავაზებთ მცირე ფრაგმენტებს წიგნების სერიიდან. ამჯერად კი წარმოგიდგენთ ამონარიდს 2000 წელს დაბეჭდილი პუბლიკაციიდან, რომელშიც "კვირის პალიტრა" მოსახლეობას ლეგენდად ქცეულ მე-9 ბლოკზე, "ეი-ი-ეს-თელასის" სადამსჯელო აქციებსა და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე ამცნობს.

"ეი-ი-ეს-თელასის" სადამსჯელო აქციებმა მალე შეიძლება ისეთ ზღვარს მიაღწიოს, რომ მოსახლეობა ქუჩებში გამოიყვანოს. იმის გარდა, რომ უფულობით გაწამებულ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის საშუალება, სადენებს უჭრიან და წყვდიადში ამყოფებენ, სქოულის ხალხი იმდენად გათავხედდა, რომ თბილისის მე-5 საავადმყოფოს შუქი გამოურთო მაშინ, როცა იქ უმძიმესი ოპერაცია მიმდინარეობდა. სქოულს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, გადაახდევინოს საფასური მოვალე საავადმყოფოს. არც ის აინტერესებს, რა შეიძლება მოჰყვეს ელექტროენერგიის კილოვატსაათზე ტარიფის გაზრდას (12 თეთრით). …დიდი ხნის ენერგობაირამობის შემდეგ თბილისს სომხეთიდან ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყდა. არმენენერგოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და სომხებთან ახალი ხელშეკრულება აღარ გაფორმდებაო, აცხადებენ ჩვენი ენერგომამები. ეს იმიტომ, რომ მათი მტკიცებით, "საქართველოში ენერგიის ადგილობრივი რესურსები გაჩენილა..." არადა, ეს ადგილობრივი რესურსი სხვა არაფერია, თუ არა "ეი-ი-ეს-თელასი", რომელმაც შეისყიდა თბილსრესი  და უკვე შევიდა კიდეც ობიექტში...

7-თვიანი დავის შემდეგ, გარდაბნის მე-9 და მე- 10 ენერგობლოკები "ეი-ი-ეს-თელასის" მფლობელობაში გადავიდა და მაიკლ სქოულმაც იკისრა კიდეც თბილსრესის 80 მლნ ლარის დავალიანების გასტუმრება. სარემონტო სამუშაოები (უკვე მერამდენედ) ზაფხულში დაიწყება და საკუთარი ენერგომამების მიერ შეჭმულ-გამოხრული ლეგენდარული მე-9 ბლოკი ოქტომბერში ამუშავდება... მაგრამ სქოული რა ამერიკელი იქნებოდა, წმინდა ამერიკული პრაგმატიზმით არ მისდგომოდა ამ "ახალ საქმეს". მან თბილსრესის მხოლოდ 165 თანამშრომელი დაიქირავა, დანარჩენებს კი კომპენსაცია მისცა და კარისაკენ მიუთითა, ანუ უმუშევრად დატოვა…. სქოულის მტკიცებით: "ეი-ი-ეს-თელასი" ახლა საჭიროზე მეტ ელექტროენერგიას ყიდულობს თბილისის მოსახლეობისათვის, მაგრამ ენერგომამები მაინც არასაკმარის ელექტროენერგიას გვაწვდიან. სად მიაქვთ ქალაქისათვის საჭირო დანარჩენი ელექტროენერგია, გასარკვევია!

სქოული დაემუქრა ენერგომამებს, – თუ ერთ კვირაში არ გამოასწორებთ ვითარებას, სერიოზულ ზომებს მივიღებ და სკანდალს ავტეხო! ეჭვობს, რომ მის მიერ ნაყიდი ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ურჩი გადამხდელი საწარმოებისთვის იხარჯება და არა თბილისის მოსახლეობისთვის. ენერგომამები კი საახალწლოდ გვპირდებიან, რომ 25 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით, 24-საათიანი ელექტრომომარაგება ექნება თბილისს. რა იქნება 3 იანვრის შემდეგ, ამას, რა თქმა უნდა, აღარ აკონკრეტებენ... ლეგენდარული მე-9 ბლოკი კი უკვე გაფუჭებულ პატეფონს ჰგავს, რომელიც ხან ჩაირთვება, ხან გამოირთვება, ხოლო თუ სასწაული მოხდა და ერთი დღე მაინც იმუშავა, ისეთ უხარისხო ელექტროენერგიას იძლევა, მოსახლეობას დიდი რისკის ფასად უხდება ელექტრომოწყობილობის გამოყენება და, შესაბამისად, თბილისელი ხელოსნებიც ვეღარ აუდიან საოჯახო ელექტრონივთების შეკეთებას"...

"კვირის პალიტრა"  2000 წ.

წიგნის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.palitral.ge/