წყალტუბოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

წყალტუბოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში აჰმედ აივეიდა და წყალტუბოს გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი ქალაქ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის დასკვნითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

ფონდი წყალტუბოში სულ 9 ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, საიდანაც 7 უკვე დასრულებულია.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოეწყო აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი გარემო; "ცივი ტბის" ტერიტორიაზე აშენდა მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები, მოწესრიგდა წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის კანალიზაციის სისტემა. დასრულდა თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქალაქში მოეწყო გარე განათება, ველობილიკები და ავტოსადგომები.

წყალტუბოში პროექტების მონიტორინგთან ერთად გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც საუბარი კურორტის განვითარების სამომავლო გეგმებს შეეხო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაციის შედეგად, ტურიზმისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება, რაც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რეაბილიტაციის პროექტი ბალნეოლოგიური კურორტის მუშაობისთვის სასურველ გარემოს შექმნის და წყალტუბოს დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საკურორტო ქალაქის სტატუსს დაუბრუნებს.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 40.68 მლნ. ლარია.