თბილისში სასტუმრო "გერგეთის" მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს

თბილისში ბუტიკის ტიპის სასტუმრო "გერგეთის" მშენებლობას ისრაელის ოფიციალურმა დელეგაციის წევრებმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჩაუყარეს საფუძველი.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მისი ისრაელში ვიზიტის დროს 6 ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიგეგმა.  "ერთ-ერთი პროექტი ეს არის, რომელსაც დღეს საფუძველი ჩავუყრეთ. ჯამში 25 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება და ადამიანები დასაქმდებიან, როგორც მშენებლობის, ასევე შემდგომი ექსპულატაციის პროცესში. ეს ასევე იქნება შემოსავლების მუდმივი მაგენერირებელი დაწესებულება ქალაქისთვის და გარდა ამ პროექტისა კიდევ 5 დამატებითი პროექტი დამტკიცდება უახლოეს პერიოდში. აქედან გამომდინარე, ქალაქში არსებული გაზრდილი მოთხოვნა ტურიზმის და საქმიანი ვიზიტების თვალსაზრისით სწორედ ამდაგვარი სასტუმროების მშენებლობით იქნება ადეკვატურად პასუხგაცემული და შევძლებთ, რომ მეტი ტურისტი, მეტი ვიზიტორი, მეტი საქმიანი ადამიანი მივიღოთ ჩვენს დედაქალაქში", - განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, ექვსივე პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ დოლარს შეადგენს და ექვსვე პროექტი შეთანხმებულია. "ეტაპობრივად მოხდება მათზე მშენელობის ნებართვების გაცემა და წელიწადნახევარი, 2 წლის განმავლობაში ყველა პროექტი დასრულდება", - განაცხადა ნარმანიამ.

ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერის ხილიკ ბარის განცხადებით, ეს პროექტი არის სიმბოლო საქართველოსა და ისრაელს შორის ახალი ურთიერთობების დაწყების. "როგორც ისრაელის პარლამენტის წარმომადგენელმა მინდა აღვნიშნო, რომ ისრაელელები აღმოსავლეთ ევროპაში ნაკლებად მიდიან კრიზისის გამო და ამ პერიოდში, ამ ფონზე ჩამოსვლა საქართველოში არის მნიშვნელოვანი. ჩვენი ინვესტორები ჩამოდიან საქართველოში და ამით ჩვენი ურთიერთობები ძლიერდება", - განაცხადა ხალიკ ბარმა.