ბარსელონა-თბილისის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იგეგმება

ესპანური ავიაკომპანია Vueling Airlines მომავალი წლიდან ბარსელონიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობას სწავლობს.

კომპანიის წარმოამდგენლებმა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შეხვედრა გამართეს, სადაც ავიაკომპანიის გეგმები წარმოადგინეს და ქვეყნის საავიაციო ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ჩარჩოს და პროცედურებს გაეცნენ. წინასწარი ინფორმაციით, ბარსელონიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას "Vueling Airlines" 2016 წლიდან კვირაში ორი სიხშირით, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით გეგმავს. ავიამიმართულების შესწავლისა და დაგეგმვის მიზნით, ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები უკვე გამართეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოში მოქმედ მსხვილ ტურ-ოპერატორებთან. "Vueling Airlines"-თან ძირითად მოლაპარაკებებს "TAV Airports" ჰოლდინგი და "ტავ ჯორჯია" აწარმოებენ.

Vueling Airlines 2004 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი უმსხვილესი ესპანური ავიაკომპანიაა, რომელიც ძირითადი (ბარსელონა, რომი) და დამხმარე (ამსტერდამი, მადრიდი, ბრიუსელი, ფლორენცია და ა.შ.) ჰაბებიდან 126 მიმართულებას და დაბალ ტარიფებს სთავაზობს მგზავრებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრას ავიაკომპანია Vueling Airlines-ის საერთაშორისო გაყიდვების აღმასრულებელი მენეჯერი ალექსანდრა სტელმაქი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია, TAV Airports ჰოლდინგის მარკეტინგის მენეჯერი სერქან ქარაჰატაი და "ტავ ჯორჯიას" მენეჯერი აკაკი ბარქაია ესწრებოდნენ.