სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეცხვარეებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა მეცხვარეობის დარგში არსებული პრობლემები იყო.  მეცხვარეების განცხადებით, ძირითად პრობლემას უცხოეთიდან შემოყვანილი ცხვრის რეექსპორტი და ადგილობრივი ცხვრის რეალიზაციის პრობლემა წარმოადგენს.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეცხვარეობის დარგი ათწლეულების მანძილზე უყურადღებოდ იყო მიტოვებული და შესაბამისად, პრობლემაც უამრავი დაგროვდა. როგორც მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის აქტიურად მუშაობს.

,,მეცხვარეობის განვითარების მიმართულებით სამუშაოები ხორციელდება და გარკვეული პროგრესი მიღწეულია. მთავრობამ უკვე მიიღო ცხვრის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესი, დაწყებული ზოგადად წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის რეგისტრაცია-იდენტიფიცირება-მარკირების წესის შემუშავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ცხვრის მიკვლევადობისთვის. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ცხვრის გადასარეკი ტრასების რეგისტრაცია ხორციელდება. აღნიშნულ ტრასებზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობაც. კერძოდ, დაიწყო მედპუნქტების და უსაფრთხოების პუნქტების მშენებლობა. ეს ყველაფერი დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მეცხვარეების პრობლემები მოისმინა და აღნიშნა, რომ სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად. ,,შეხვედრაზე განხილული პრობლემური საკითხების მოგვარება, სამწუხაროდ, სცილდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს. არის საკითხები, რომლებიც კომპლექსურად, რამდენიმე უწყების ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაწყდეს. მეცხვარეებსაც ესმით, რომ მათ მიერ წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ შეძლებს. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ მედიატორის როლი მეცხვარეებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის, რათა მოხდეს ყველა პრობლემის მოგვარება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ესწრებოდნენ.