„გრუზვინპრომს“ აუქციონზე 11,6 მილიონ ლარად გამოიტანენ

ღვინის სახელმწიფო კომპანია „გრუზვინპრომის” 100%-იანი წილის საწყისი ფასი 11 მილიონ 620 ათასი ლარით განისაზღვრა.

მთავრობის დადგენილებით, კომპანიას ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე უახლოეს პერიოდში გარკვეული პირობებით გამოიტანს.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანში მდებარე საწარმო მეორე ღვინის სახელმწიფო კომპანია „აკურასთან“ ერთად, 2010 წელს შეიქმნა. ორივე კომპანია ფლობს ქარხნებს კახეთში და რეგიონში მოწეული ყურძნის ნაწილს იბარებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI -ს კვლევაშია აღნიშნული, კომპანიები ძირითადად, დაბალი ხარისხისა და ჰიბრიდული ყურძნის შესყიდვით იყვნენ დაკავებულნი, ვინაიდან მასზე მოთხოვნა კერძო საწარმოების მხრიდან თითქმის ნულის ტოლია. 2012 წელს მათ მიერ ჩაბარებულმა ყურძნის რაოდენობამ მიღებული მოსავლის 65% შეადგინა, თუმცა ეს მაჩვენებელი 2013 წელს 17%-მდე შემცირდა, რაც სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ქართული ღვინისთვის ბაზრის გახსნით იყო გამოწვეული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ „გრუზვინპრომი“ კომერციული თვალსაზრისით, წამგებიანი საწარმო იყო. მაგალითად, 2012 წელს მისმა ზარალმა 5,4 მილიონ ლარს გადააჭარბა.

კომპანიას, აგრეთვე აქვს ექსპორტის ლიცენზია, მაგრამ ღვინო საზღვარგარეთ ჯერ არ გაუტანია. ამის მიზეზი შესაძლოა აღნიშნული ღვინის დაბალი ხარისხიც იყოს.

„აღნიშნული ღვინის საწარმოები წინა მთავრობას „ჭარბი“ და უხარისხო ყურძნის მოსავლის რეალიზაციისთვის სჭირდებოდა და ამ ბერკეტზე არც ამჟამინდელი ხელისუფლება ამბობს უარს. ფაქტობრივად, არსებული სისტემის ფარგლებში, რთველის სუბსიდირება ორი გზით ხდება: (1) პირდაპირი - რაც ვაუჩერის სახით ფერმერისთვის ფულად დახმარებას გულისხმობს და (2) არაპირდაპირი - სახელმწიფოს მიერ ჭარბი ყურძნის მიღება და შემდგომ მისი გადამუშავებული (ძირითადად სპირტის) სახით, ხშირად თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, აუქციონის გზით რეალიზაცია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მეთოდის გამოყენებით სახელმწიფო პირდაპირ ახდენს ყურძნის ბაზარზე ფასწარმოქმნის პროცესზე გავლენას და ფაქტობრივად, აწესებს ხელოვნურ ფასს, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში, დიდი ალბათობით, იგივე არ იქნებოდა“, - წერდა არასამთავრობო ორგანიზაცია.

IDFI -ის რეკომენდაცია კომპანიის პრივატიზაცია იყო.

ბელა ნოზაძე