თბოსაიზოლაციო ფილები - ქართველი ენერგეტიკოსის გამოგონება

"ნაკლები ხარჯითაც შესაძლებელია შედეგის მიღება და თანაც ისე, რომ ადამიანმა ჯანმრთელ გარემოში იცხოვროს"

"ჩვენს ქვეყანაში მშენებლობები ყოველგვარი ნორმის დაცვის გარეშე მიმდინარეობს.  ენერგოეფექტურობა დაცული არ არის. პრაქტიკულად, კედლების შემოზღუდვა ხდება. ამდენად, ენერგიის მხოლოდ 30% -ს ვიყენებთ, დანარჩენ 70%-ს კი ჰაერში ვიხდით. ეს ჩვენი რეალობაა", - ამბობს bpn.ge-თან საუბარში ენერგოაუდიტორი, თბოენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნანა მეფარიშვილი, რომელმაც ენერგიის დაზოგვის მიზნით, თბოსაიზოლაციო ფილა გამოიგონა.

- ჩემი გამოგონება საკუთარ ბინაში გამოვცადე და მოლოდინი სავსებით გამართლდა. გარდა იმისა, რომ ზაფხულში ბინა გრილია და კონდინციონერის გამოყენება არ გვჭირდება, ზამთარში კედლები სითბოს ინარჩუნებს და გათბობაში მინიმალურ თანხას ვიხდი.

- რისგან არის დამზადებული და ჯანმრთელობისთვის რამდენად უსაფრთხოა?

- თბოსაიზოლაციო ფილები ბუნებრივი მინერალებისგან არის დამზადებული. ზუსტ მასალას ვერ დაგისახელებთ, რადგან ჯერ დაპატენტებული არ მაქვს. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ეს ფილები ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

- ძვირი ჯდება მისი დამზადება? სამშენებლო კომპანიებს შესთავაზეთ?

- არა, ძვირი არ ჯდება. რასაც გაჯით გალესვაში ხარჯავენ, იმაზე ერთი დოლარით მეტი შეიძლება დაჯდეს. რამდენიმე მშენებელს შევთავაზე. ავუხსენი, რომ მცირე დანახარჯის გარდა, სერიოზულ ეკონომიას იძლევა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა-მეთქი, მაგრამ პასუხად მივიღე, გაჯით გალესვა უფრო იაფი მიჯდება და სხვა ნაკლებად მაინტერესებსო. სამწუხაროდ, გაჯსა და თბოსაიზოლაციო ფილებს შორის განსხვავება ვერ იპოვეს. ცნობისთვის, ამ ფილის გაკვრა გაულესავ კედლებზეც შეიძლება. ფილას კედლის მაქსიმუმ 50 სანტიმეტრი მიაქვს სიგრძეში. ჩვენს რეალობაში, როცა ენერგიას განუსაზღვრელი რაოდენობით ვიყენებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობა. ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, რადგან მშენებლობების დროს ენერგოეფექტურობა დაცული არ არის.

- თბოიზოლირების პრობლემა მხოლოდ ახალაშენებულ კორპუსებში გვხვდება?

- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ძველ თბილისში არსებული შენობების კედლები თბოგამტარობის კოეფიციენტის მიხედვით, ევროსტანდარტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ასევე, მშენებლობის ყველა ნორმის დაცვით აშენებულია გერმანული სახლებიც. სამშენებლო სტანდარტების უგულვებელყოფა კომუნისტების პერიოდში დაიწყო. არაფერს ვამბობ ბოლო 20 წლის მანძილზე წარმოებულ მშენებლობებზე, სადაც კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. მართალია, ბოლო პერიოდში წარმოებულ მშენებლობებზე მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა და თბოიზოლირება დაიწყეს, თუმცა, ეს ზღვაში წვეთია. თბოსაიზოლაციო მასალების გამოყენება ძალიან მნიშვენლოვანია.გარდა იმისა, რომ მომხმარებელს სერიოზულ ეკონომიას აძლევს, კონსტრქუციისთვის აუცილებელია, რადგან შენობა თუ არ თბება, დროთა განმავლობაში ეს ავარიულობას იწვევს.

- რამდენად მარტივია თბოსაიზოლაციო ფილების გამოყენება?

- ზოგადად, თბოიზოლირების შესახებ საქართველოში მწირი ინფორმაციაა. დეველოპმენტი კომპანიები მცირე დანახარჯებით ცდილობენ შენობების აშენებას. საკმაოდ ხშირად ისეთ მასალებს იყენებენ, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნეა. ძალზედ გავრცელებულია შუშაბამბა ე.წ. "სტეკოლოვატა", რომლის გამოყენება საცხოვრებელ პირობებში კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან წვრილ ნაწილაკებად იშლება, ფილტვებში მოხვედრის შემთხვევაში კი, ძალიან ცუდი შედეგით შეიძლება დასრულდეს. რაც შეეხება თბოსაიზოლაციო ფილების გამოყენებას, სპეციალისტის რჩევის გარეშე ასეთი ღონისძიების ჩატარება შესაძლოა უკუშედეგიანი აღმოჩნდეს. ამ მხრივ, საზოგადოებას სერიოზული ინფორმირება სჭირდება.

- და ბოლოს, რამ შეგიშალათ ხელი თქვენი გამოგონების დაპატენტებაში?

- თბოსაიზოლაციო ფილებისთვის საწარმო ნიშნის მინიჭება ძვირი ჯდება, რასაც პროფესორის ხელფასი ვერ გაწვდება. ამიტომ გაჩერებული ვარ. თბოსაიზოლაციო ფილებს ძალიან ახლო წრისთვის ვამზადებ, ვინც იცის ამის რეალური სარგებელი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნაკლები ხარჯითაც შესაძლებელია შედეგის მიღება და თანაც ისე, რომ ადამიანმა ჯანმრთელ გარემოში იცხოვროს.

სალომე გოგოხია