შრომის ინსპექცია ამოწმებს, მაგრამ არ აჯარიმებს

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი კერძო და სახელმწიფო კომპანიების შემოწმებას აგრძელებს.ახლო მომავალში ისინი მსხვილ კომპანიებსა და საწარმოებს მიადგებიან. ამ დრომდე შემოწმებულია 30 კომპანია, წლის ბოლომდე კი 150 კომპანიაა მიზანში. პროფკავშირები პროცესს არასაკმარისად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ამას შრომის ინსპექციასთან საერთო არ აქვს. შედეგის მისაღებად კი სანქციების ამოქმედებაა საჭირო. მკაცრ მიდგომას და ჯარიმების დაწესებას არც კომპანიების ნაწილი ეწინააღმდეგება.

როგორც "რეზონანსს" ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა, მომავალ კვირას იგეგმება ისეთ მსხვილ კომპანიაში შესვლა, როგორიც არის "ბარამბო", ახლო მომავლაში შემოწმდება "ნატახტარი", "ზედაზენი", "ფუდ მარტის"  სხვადასხვა ობიექტი, გარდა ამისა, მონიტორინგი განხორციელდება მსხვილ საწარმოებშიც. ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა 30-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო კომპანია შეამოწმა, სადაც შრომის პირობების სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა. მონიტორინგს ახორციელებს სპეციალურად გადამზადებული 25 თანამშრომელი, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში დასაქმდნენ.

რაც შეეხება იმ სახელმწიფო და კერძო კომპანიებს, სადაც შრომის პირობების მონიტორინგი უკვე მოხდა, მათგან 24 სახელმწიფო, ხოლო 6 კერძო კომპანიაა. სახელმწიფო ორგანიზაციებიდან შემოწმდა ვაჟას ძეგლთან მდებარე სასწრაფოს ცენტრი, გლდანის პარკი, კოჯრის საექიმო ამბულატორია, "თბილსერვისის" ჯგუფი, შპს "ჰერმესი", შპს "ატვოპარკინგი" მეტრო ახმეტელთან, წყნეთის საექიმო ამბულატორია, თბილისის მერიის ავტოპარკები და ა.შ. მონიტორინგი განხორციელდა ისეთ კერძო კომპანიებშიც, როგორიც არის: "გუდვილი", "ბაგრატიონი-1882", შპს "კავკაზპარკი", რომელიც მოიცავს ორ შპს-ს, "შემოიხედე გენაცვალეს" და შპს "მარშეს".

ელზა ჯგერენაიას განცხადებით, წლის ბოლომდე, ჯამში, 100-დან 150-მდე კომპანია შემოწმდება. შედეგები 1-ელ ივლისს გახდება ცნობილი.

"მონიტორინგი ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებში. არის მსხვილი და საშუალო საწარმოებიც. თითოეულ კომპანიაში 3-4-კაციანი ჯგუფი შედის. შედეგი ის იქნება, რომ გამოიკვეთება დარღვევის შესახებ სტატისტიკა," - აცხადებს ჯგერენაია.

კომპანიების მონიტორინგი სარეკომენდაციო ხასიათს მოიცავს. შესაბამისად, ეს მიდგომა პრობლემის აღმოსაფხვრელად პროფკავშირების მსგავსად, მასაც არასაკმარისად მიაჩნია. "ეს არის სასტარტო ეტაპი. ამ რეკომენდაციების შემდეგ მოხდება განმეორებითი შემოწმება და ვნახავთ, მოხდება თუ არა დარღვევის აღმოფხვრა. დღევანდელი შრომის ინსპექციის მუშაობა სანქციებს არ ითვალისწინებს. კანონპროექტზე დღემდე გრძელდება მუშაობა. ამ ეტაპზე არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რეკომენდაციებს სთავაზობს ორგანიზაციებს. კანონპროექტზე კი დღემდე მიდის მუშაობა", - აცხადებს ჯგერენაია.

პროფკავშირებში მიმდინარე პროცესს სკეპტიკურად უყურებენ და მიიჩნევენ, რომ ეს დასავლეთისთვის თვალის ასახვევად კეთდება. ისინი რეალური შრომის ინსპექციის აუცილებლობაზე საუბრობენ. "საბოლოო ჯამში დაიდება სურათი, რომ შრომის სფეროში ისეთი კარგი ვითარებაა, რომ არანაირი შრომის ინსპექცია არ არის საჭირო. ამისთვის ხდება ეს ყველაფერი. მსოფლიოს პროფკავშირების გენერალური საბჭოს წევრი ვარ. არსად ასეთი ტიპის ინსპექცია არ მინახავს. ეს გაკეთდა უბრალოდ დასავლეთისთვის, რომელიც ხელისუფლებას აძალებს შრომის ინსპექცია ჰქონდეს. დასაქმებული მოქალაქეების კეთილდღეობასთან ამ საქმიანობას კავშირი არ აქვს. შემოწმება არანაირ შედეგს არ გამოიღებს. ჩვენ რასაც ვითხოვდით, ის იყო აბსოლუტურად სხვა ტიპის შრომის ინსპექცია", - აცხადებს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. მისი განცხადებით, თუკი მონიტორინგი მხოლოდ სადამკვირვებლო ხასიათის იქნება და სანქციები არ დაწესდება, კომპანიები ისევ იმ მანკიერ საქმიანობას გააგრძელებენ.

მონიტორინგისა და სანქციების აუცილებლობაზე საუბრობს კერძო სექტორის ნაწილიც. მათი თქმით, ეს პროცესი აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ მოხდეს იმ არღვევების აღმოფხვრა, რაც სხვადასხვა კომპანიებში საკმაოდ მრავლადაც კი არსებობს. "დაკვირვება და შედეგის ცოდნა აუცილებელია იმიტომ, რომ წინასწარ უნდა განსაზღვრო რა და როგორ უნდა იმუშაო. ეს პროცესი ბიზნესს მუშაობაში ხელს არ შეუშლის. იგი ხომ ხანგრძლივი პროცესი არაა. რა თქმა უნდა, დარღვევები მაღაზიებშიც არის. ჩვენთან მცირე ხარვეზები რაც იყო გამოვასწორეთ. ჩემი აზრით, უნდა გამკაცრდეს მიდგომა, საჭიროა სანქციების დაწესებაც, რომ ყველამ სამართლიანად იმუშაოს", - აღნიშნა "რეზონანსთან"  საუბრისას "ჰაუზ მარკეტის"  წარმომაგენელმა შორენა მარგიშვილმა.

მარიამ აფციაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"