დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთში Johnson Controls-ის ხელმძღვანელს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთში Johnson Controls-ის ხელმძღვანელს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთში შეხვედრებს მართავს. სამინისტროს ცნობით, ეკონომიკის მინისტრი დალიანში უმსხვილესი ამერიკული კომპანია Johnson Controls-ის თავმჯდომარის მოადგილეს, აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში დანაყოფის პრეზიდენტს, ბედა ბოლდენიუსს შეხვდა. "ამერიკული "Johnson Controls" მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის, ენერგოდამზოგავი ტექნიკის, აკუმულატორების, ჰიბრიდული და ელექტროავტომობილებისთვის განკუთვნილი აკუმულატორების წარმოების მიმართულებით ოპერირებს. კომპანიას მსოფლიოში 170 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 2014 წელს Johnson Controls-ის შემოსავალმა 41 მილიარდი დოლარი შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემა საქართველოში კომპანიის საწარმოსა და სადისტრიბუციო ცენტრის გახსნა იყო. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბედა ბოლდენიუსს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო. შეხვედრაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელობას.  დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა საქართველოში სტაბილური საინვესტიციო გარემო, ბიზნესისათვის ხელსაყრელი კანონმდებლობა, მაღალკვალიფიცირებული ახალგაზრდა კადრები და თანაინვესტირების შესაძლებლობები.

დალიანში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ესწრებოდნენ.