"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს. ამ საკთხთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სასტუმრო "თბილისი მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, ისინი ითხოვენ ანტიკორუფციულმა კომისიამ იმუშაოს პარლამენტში.

"ჩვენ გვაქვს ასეთი მოთხოვნა და ვაპირებთ ბიუროზე შევიტანოთ დადგენილების პროექტი, რომელიც მომზადებულია. წინასწარ გვინდა არასამთავრობო სექტორს ჩვენი მოსაზრებები გავაცნოთ, რატომ გვინდა პარლამენტში დროებითი ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიების შექმნა, ეს გვინდა იმიტომ, რომ კორუფცია, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, არის სისტემური, ამაში ჩართულია ყველა სახელმწიფო უწყება თითქმის უკლებლივ. ეს იმართება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან და ღარიბაშვილის ოჯახისგან. ჩვენ ვთვლით, რომ ვერც პროკურატურა, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტებს ვერ გამოიძიებენ, იმიტომ, რომ თვითონ არიან კორუფციის მონაწილე. ამიტომ, ვთვლით, რომ ასეთი ფაქტების გამოძიება უნდა მოხდეს პარლამენტში", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დეპუტატმა კონკრეტული მაგალითები დაასახელა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" აზრით, კორუფციული ფაქტები იკვეთება. "ჩვენ რამდენიმე მაგალითი ჩავდეთ პროექტში. ეს არის ბათუმის პორტის საქმე, რომელიც გააკოტრეს სპეციალურად. ასევე უჩა მამაცაშვილის მონაწილეობა სოფლის პროგრამაში. ასევე რაჭაში უნიკალური ხე-ტყის მოჭრა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.