გოგი თოფაძე: ნუ დავხატავთ გიორგი ქადაგიძეს ანგელოზად, ფაქტები გვაქვს

რაში უშლის ეროვნულ ბანკს კონტროლი? – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ განაცხადა. მისი თქმით, ლართან დაკავშირებულ კრიზისში ეროვნული ბანკის მოქმედებები უნდა გამოიკვლიოს საზედამხედველო სამსახურმა, რომელიც ეროვნულ ბანკს გამოეყო და თუ დადასტურდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანაშაული, მაშინ გამოძიებაც უნდა დაიწყოს.

"ჩვენთან ეკონომისტების და ბიზნესმენების შეფასებით, ლარის გაუფასურება განაპირობა ეროვნული ბანკის არასწორმა მოქმედებებმა. ერთი პერიოდი, როდესაც დოლარის კურსი ლართან მიმართებაში ორამდე ავიდა, ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სამწუხაროდ ინტერვენცია სავალუტო რეზერვების არ გააკეთა. როდესაც 2.35-ზე ავიდა კურსი, ეროვნულმა ბანკმა 280 მილიონი ლარი გამოუშვა ბაზარზე და მეორედ 300 მილიონ ლარამდე. ამან დიდი რღვევა გამოიწვია. იყო მსჯელობა, პარლამენტში დაბარებული იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელიც. ჩვენ ვთქვით, რომ დაშვებული იყო შეცდომები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არასწორი ნაბიჯები გადადგა, როდესაც ინტერვენცია გააკეთა არა ლარის გამყარებისთვის, არამედ პირიქით", - განაცხადა თოფაძემ.

მისივე თქმით, საპანიკო არ არის, რომ ეროვნულ ბანკზე იქნება გარკვეული კონტროლი. "ამაზე იყო განხილვა ექსპერტების და სპეციალისტების და რა საპანიკო გახდა, რომ იქმნება გარკვეული კონტროლი. ჩვენი წვალებით რაღაცნაირად შევინარჩუნეთ კურსი, როდესაც დავიწყეთ ამ ეროვნული ბანკის სერიოზული შემოწმება და კრიტიკა. პრაქტიკულად უკონტროლო იყო და შემოწმდეს, რაში უშლის ხელს ეროვნულ ბანკს?! თუ დაშვებული იქნა რაღაც შეცდომები, საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი. ის კომისია რომელიც იქმნება უნდა ნახოს რა ხდება, რომ აღარ მოხდეს ასეთი შეცდომები. ნუ დავხატავთ ქადაგიძეს ანგელოზად, ფაქტები გვაქვს. თუ დააშავა ხალხმა უნდა მოსთხოვოს პასუხი. თუ ეს დანაშაული დადასტურდა, გამოძიებაც უნდა დაიწყოს", - განაცხადა თოფაძემ.