სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით,  მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა დაათვალიერა და ობიექტზე დასაქმებულ პირებს გაესაუბრა. მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს წყლის ახალი რეზერვუარის მშენებლობას, გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციას და მაგისტრალური მილსადენის რეკონსტრუქციას. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. პროექტის ფარგლებში 150 ადამიანი დასაქმდება.

სენაკის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტია 2016 წლის ბოლოს დასრულდება.