დავით ნარმანია: თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსი წარმატებით მიმდინარეობს

თბილისის მერი, დავით ნარმანია აცხადებს, რომ თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსი წარმატებით მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების კონკურსთან დაკავშირებით ისაუბრა. ნარმანიას განცხადებით, მერიაში ათზე მეტი საკონკურსო განაცხადია შეტანილი და მათგან საკონკურსო კომისიამ საუკეთესო წინადადებები შეარჩია. მერის თქმით, კონკურსის შედეგების პრეზენტაცია მომდევნო კვირას, პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოზე გაიმართება.

"ძალიან კარგად მიდის გენერალური გეგმის მომზადების თაობაზე გამოცხადებული კონკურსის პროცესი. ათზე მეტი განაცხადი იყო შემოტანილი. კომისიამ პირველ ეტაპზე შეარჩია საუკეთესო წინადადებები. პროცესში ჩაერთო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC, რომელიც აქტიურად მუშაობს ჩვენთან ერთად. მომდევნო კვირას პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოზე გვექნება შედეგების პრეზენტაცია. გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება კონტრაქტი და გენერალურ გეგმაზე ინტენსიური მუშაობა დაიწყება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.