ნოდარ ჭიჭინაძე: გაუგებარია, რაში იღებენ 78 ათას ლარს ეროვნული ბანკის საბჭოს ქიმიკოსი და პროკურორი წევრები

"ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრი, რომლებიც პროკურატურის ყოფილი კადრები არიან, ფუნქციების ფორმალური შესრულებისთვის წელიწადში ხელფასის სახით 78 ათას ლარს იღებენ", - აცხადებს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, ეროვნული ბანკის საბჭოში პროკურატურის კადრები 2012 წელს შევიდნენ, მას შემდეგ, რაც ადგილი ჰქონდა საკანონმდებლო ცვლილებას და შეიცვალა საბჭოს დაკომპლექტების წესი. "2012 წლის 30 აპრილს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ძალაში შევიდა ცვლილება და თუ ცვლილების მიღებამდე ეროვნული ბანკის საბჭს წევრი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ფინანსისტი ან/და ეკონომისტი, ეს შეზღუდვა მოიხსნა და საბჭოში შესვლის უფლება მიეცა სხვა დარგის სპეციალისტებსაც, თუმცა არაუმეტეს ორი წევრისა. ცვლილების ძალაში შესვლიდან 2 კვირაში, 2012 წლის 15 მაისს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა დაამტკიცა 2 კადრი - ვაჟა ჯანყარაშვილი და ნიკოლოზ გონგლიაშვილი, არც ერთი მათგანი პროფესიით ეკონომისტი არ არის და მათი საქმიანობა უკავშირდება სამართლებრივ სფეროს, კონკრეტულად კი, პროკურატურას. ცალსახაა, რომ კანონის ცვლილება სწორედ იმ მიზნით მოხდა, წინა ხელისუფლებას ეროვნულ ბანკზე კონტროლი გაეძლიერებინა და შეენარჩუნებინა, ვინაიდან საბჭოს წევრები, როგორც მოგეხსენებათ, ირჩევიან 7 წლის ვადით", - განმარტავს ჭიჭინაძე.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ვაჟა ჯანყარაშვილი პროფესიით იურისტია, ხოლო მისი სამუშაო გამოცდილება, 1983 წლიდან 2012 წლამდე, უკავშირდება მხოლოდ პროკურატურას, იგი 3 ათეული წლის განმავლობაში პროკურატურაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას და ამის შემდეგ შეცვლილი კანონის საშუალებით აღმოჩნდა ეროვნული ბანკის საბჭოში. ნიკოლოზ გონგლიაშვილს კი ჯანყარაშვილისგან განსხვავებით გააჩნია საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგია, თუმცა ასევე ფლობს ეკონომისტის კვალიფიკაციას ქ.თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტიდან - "აჭარა". გონგლიაშვილი სხვადასხვა დროს იყო გიორგი ქადაგიძის მოადგილე პროკურატურასა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.

"ეროვნული ბანკის საბჭო კანონით მართვის უმაღლესი ორგანოა. მას ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია, ისეთი, როგორიცაა საერთაშორისო რეზერვების მართვის პრონციპების შემუშავება, ვალუტის კურსის დადგენის წესის განსაზღვრა, ეროვნული ბანკის ბიუჯეტის დამტკიცება, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის დამტკიცება, ფინანსური სფეროს ზედამხედველობის ძირითადი პრონციპების დადგენა და ა.შ. ამ ფუნქციების შესასრულებლად საბჭოს თითოეული წევრი, ფაქტობრივად, მინისტრზე მაღალ ხელფასს იღებს, მათი ანაზღაურება თვეში 6500 ლარს შეადგენს. ამდენად, ეროვნული ბანკის საბჭოში არაეკონომისტების და არაფინანსისტების შეყვანა და ამისთვის სპეციალურად კანონის შეცვლა, სხვა არაფერია თუ არა საბჭოს ფორმალურ ერთეულად ქცევა, რათა ეროვნული ბანკის მენეჯმენტი მორგებული იყოს კონკრეტულ პერსონალიაზე. სამწუხაროა, რომ ამ ცვლილებას არ მოჰყოლია არანაირი პროტესტი ან შენიშვნა არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან. დღეს, წელიწადში 546 ათასი ლარის სახელფასო ფონდი იხარჯება იმ ორგანოს არსებობაზე, რომელიც თავის ფუნქციას ფორმალურად ასრულებს და მისი რეალური ფუნქცია ეროვნული ბანკის მენეჯმენტის გადაწყვეტილებების დაკანონებაა, ხმის მიცემის უფლების საშუალებით", - აცხადებს აფბას პრეზიდენტი და აქვე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი და მიღებული აქვს საბჭოს კრების ოქმები, რომლებითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეროვნული ბანკის საბჭო მხოლოდ ფორმალურად არსებობს.

ნოდარ ჭიჭინაძე გამოსავალს კანონის ძველი ნორმის აღდგენაში ხედავს, რითაც ეროვნული ბანკის საბჭოში არაპროფილური პროფესიის მქონე პირების არსებობა შეიზღუდება.