გურჯაანსა და დედოფლისწყაროში გლეხები ღვინის კომპანიებისგან ყურძნის ჩაბარებას ითხოვენ

კახეთში ერთნაირი პრობლემები აქვთ - სიღნაღის შემდეგ, მევენახეები გურჯაანსა და დედოფლისწყაროში გამოვიდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ ყურძნის ჩაბარების დაბალი ფასისა და ღვინის ქარხნების მიმართ, რომლებიც ყურძენს ჯერ არ იბარებენ.

კახელი გლეხები ამბობენ, რომ ყურძენი ვაზზე ლპება და თუ ღვინის ქარხნები ყურძნის მიღებას უახლოეს ორ დღეში არ დაიწყებენ ყურძნის მოკრეფვას აზრი აღარ ექნება. კახელები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების ბოიკოტით იმუქრებიან.

"ჩვენი მთავარი პრობლემა ყურძნის ჩაბარებაა. ქარხნები არ არის გახსნილი, მზად არ არიან იმისთვის, რომ ყურძენი მიიღონ. ჩვენი მოთხოვნაა, ხვალ, მაქსიმუმ ზეგ, ყურძენი ჩაიბარონ იმიტომ, რომ შაქრიანობა საკმარის კონდიციაზეა, რათა მოსავლის მიღება დავიწყოთ. ეს არის პირველი და სასწრაფო. პრეტენზიებს ფასზეც გამოვთქვამთ, 70 თეთრის მიღებასაც ვეღარ შევძლებთ, რადგან ყურძენმა ლპობა დაიწყო. ამიტომ კომპანიები სასწრაფოდ უნდა ჩამოვიდნენ", - აცხადებენ კახელი გლეხები.

ღვინის კომპანიებმა bpn-ს გნუცხადეს, რომ ყურძნის მიღებას 15 სექტემბრიდან დაიწყებენ.

"ბოლო დღეებში რეგიონში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც ყურძნის ლპობა გამოიწვია. ვინც არ მორწყა ვენახები, მათი ყურძენი ჯერ შემოსული არ არის. დაუმწიფებელ ყურძენს კი ვერ მივიღებთ. გლეხებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ და ვპირდებით, რომ რთველი წარმატებით ჩაივლის",  - აცხადებენ ღვინის კომპანიებში.

ამ დროისთვის, შტაბში ღვინის 53 კომპანიაა დარეგისტრირებული. კვირის ბოლომდე კომპანიების გაზრდას 70-მდე ვარაუდობენ.

თიკო გურაშვილი