"ლარის კურსზე გავლენას ძირითადად გარემო ფაქტორები ახდენს"

ლარის კურსზე გავლენას ძირითადად გარემო ფაქტორები ახდენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2015 წლის მეორე კვარტალის წინასწარი მონაცემები წარმოადგინა.

როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, ინვესტიციები არათუ შემცირდა, არამედ არის მნიშვნელოვანი ზრდა. რაც "ლარის კურსზე უარყოფით გავლენას ვერანაირად ვერ მოახდენდა". "არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გვინდა გავიმეოროთ, რომ ლარის კურსზე გავლენას ახდენს ძირითადად გარემო ფაქტორები. გადავხედოთ რა ხდება რეგიონში, რა ხდება მსოფლიოში, დოლარი მყარდება ყველა ვალუტის მიმართ. საქართველოში კიდევ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ინფორმაციები და შედარება სხვა ქვეყნებთან. გაცილებით უფრო მეტადაა გაუფასურებული ვალუტის კურსი არამარტო რუსეთსა და უკრაინაში გასაგები მიზეზების გამო, არამედ ბელორუსიაში, თურქეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში და ა.შ. ასევე ვიცით რა მოხდა ყაზახეთში. ასე, რომ ლარის კურსზე გავლენას ახდენს ძირითადად გარემო ფაქტორები. მინდა ეს ხაზგასმით ვთქვა", - განაცხადა ქავთარაძემ და დასძინა, რომ დოლართან მიმართებაში ევროც გაუფასურებულია.

კითხვაზე, ინვესტიციების ზრდიდან გამომდინარე, თუ არის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვა, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია, თუმცა ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. "იმედი გვაქვს, რომ ეს თავისთავად დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, თუმცა ჩვენ ვართ ისევ ამ რეგიონში. ხედავთ, რა ხდება ჩინეთში, რომელმაც მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე მოახდინა გავლენა. ახლა პროგნოზის გაკეთება არის საკმაოდ ძნელი, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი", - განაცხადა ქავთარაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ დაზუსტებულ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 81 პროცენტით გაიზარდა.