ნოდარ ხადური სარეიტინგო კომპანია FitchRatings-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "FitchRatings"-ის წარმომადგენლებს, ალექს მასქითელის (Alex Muscatelli) და საგრიკა ჩანდრას (Sagrika Chandra) შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და შექმნილი მაკროეკონომიკური მდგომარეობა, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები, მთავრობის მიერ საგადასახადო და საბაჟო სფეროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები, საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს.  როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს და მომავალში გაუმჯობესდეს ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებელი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს. ამჟამად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია FitchRatings-ის რეიტინგში საქართველოს BB - Stable აქვს მინიჭებული.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვედრებს გამართავენ როგორც საჯარო, ისე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.