ვის ჯიბეში "ირიცხებოდა" ტრანსფერების თანხა? - საფეხბურთო სკანდალი 2001

"ჩვენი ეპოქა 20 წელი" - ასე ქვია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ 5 წიგნად გამოცემულ სერიას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს. წიგნების სერიაში წარმოდგენილია პუბლიკაციები, რომლებიც წლების განმავლობაში გაზეთ "კვირის პალიტრაში" იბეჭდებოდა.

bpn.ge პერიოდულად შემოგთავაზებთ მცირე ფრაგმენტებს წიგნების სერიიდან. ამჯერად კი წარმოგიდგენთ ამონარიდს 2001 წელს დაბეჭდილი პუბლიკაციიდან, რომელშიც "კვირის პალიტრა" მოსახლეობას საფეხბურთო სკანდალის შესახებ ინფორმაციას აწვდის. უფრო კონკრეტულად, საქმე ტრანსფერების თანხას ეხება.

თბილისის "დინამოს" გარშემო ატეხილი სკანდალი ახალ ფაზაში შევიდა. კლუბის ფინანსური საკითხების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში გაჩნდა ახალი სამხილი, კერძოდ, სამართალდამცავებმა მიაკვლიეს ჟენევის ერთ-ერთ ბანკში "დინამოს" წინა ხელმძღვანელობის მიერ გახსნილ უკანონო ანგარიშის ნომერს (კახა თარგამაძის მტკიცებით, ამ ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად 8 თვე მუშაობდნენ), რომელზეც წლების მანძილზე მილიონობით დოლარი "ჯდებოდა". თბილისის "დინამოს" კუთვნილი ტრანსფერებით მიღებული თანხა (რომელიც ქართველი ლეგიონერების, მათ შორის, კახა კალაძისთვის გადახდილი ფულია) კლუბის ნაცვლად, კერძო პირების ჯიბეებში "ირიცხებოდა". "დინამოს" ახლანდელი ხელმძღვანელები ამ ფაქტს უკვე საჯაროდ აფიქსირებენ და გვარების დასახელებასაც აპირებენ, თუმცა, ეს გვარები საყოველთაოდაა ცნობილი და ისინი "დინამოს" ყოფილი ხელმძღვანელი პირები არიან. თბილისის "დინამოს" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია კი ირწმუნება, რომ ეს ანგარიში მან გახსნა დიდი ხნის წინ უეფასა და ფიფას მოთხოვნის საფუძველზე, რომლის შესახებაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფორმირებული იყო – თანხების გადარიცხვებზე ჩემი ხელმოწერები ნამდვილად არის და ეს გასაკვირი არ არისო, – ამბობს ჟორდანია.

"კვირის პალიტრა" 2001 წ.

წიგნის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.palitral.ge/