საქართველოს ბიზნესასოციაცია სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის, ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული წესის გაუქმებას ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად აუარესებს ბიზნეს გარემოს ქვეყანაში და ამცირებს საკუთრების უფლების დაცულობის ხარისხს.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით,  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად ზღუდავს მესაკუთრეთა უფლებას - ეფექტურად დაიცვან თავიანთი საკუთრება უკანონო ხელყოფისაგან და ხელშეშლისაგან; "შემოთავაზებული ცვლილებებით კნინდება უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის როლი და რეესტრის სისწორის პრეზუმფცია, რადგან მიუხედავად საკუთრების რეგისტრირებული უფლებისა, ყოველ სადავო შემთხვევაში, მესაკუთრე იძულებული გახდება თავისი უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ეს კი დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დროსთან. ინიცირებული ცვლილებების პაკეტი სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს უძრავი ქონების დარგზე და სირთულეების წინაშე დააყენებს არა მარტო ბიზნესს, არამედ უძრავი ქონების მესაკუთრე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც თავის საკუთრებას ფინანსური სარგებლის მისაღებად იყენებს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ გარემოებაზე ხაზგასმა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას და შეინარჩუნოს ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ეფექტურ დაცვას, რაც თავის თავში ბუნებრივად მოიცავს საკუთრების უფლების განხორციელებისათვის ხელშეშლის აღკვეთის ეფექტური მექანიზმების არსებობასაც. ზემოთქმულიდან გამომდინარე აუცილებლად მიგვაჩნია, რომ კანონმდებლებმა გაითვალისწინონ ბიზნეს სექტორთან უკვე გამართული კონსულტაციების შედეგები და მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება რათა თავიდან იქნას აცილებულ საკუთრების უფლების დაცვის გარანტიების შესუსტება და ბიზნეს გარემოს გაუარესება", - აცხადებენ ასოციაციაში.