რეკლამა მთვარეზე

იაპონური კომპანია Otsuka იაპონური ენერგეტიკული სასმლის Pocari Sweat-ის რეკლამის მთვარეზე განთავსებას გეგმავს.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ამ მიზნით იაპონური კომპანია კოსმოსში სპეციალურ „დროის კაფსულას“ - სასმლის ერთ გიგანტურ ბოთლს გაუშვებს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მთვარეზე რეკლამის განთავსება მომავალ წელს მოხდება.

„დროის კაფსულას“ მთვარის ზედაპირამდე კომპანია Astrobotic Technology-ს მიერ დამზადებული მოდული გრიფინი მიიტანს, რომელიც რაკეტა Falcon 9-დან გაეშვება.

„კარიერის განმავლობაში ბევრი ტექნოლოგიური მისია განმიხორციელებია, თუმცა მთვარეზე Pocari Sweat-ის კაფსულის გაგზავნა აბსოლუტური სიახლეა“, - განაცხადა კომპანია Astrobitic-ის წარმომადგენელმა რედ უიტაკერმა.

მთვარეზე გაგზავნილი სასმლის ქილაში მხოლოდ სასმელი ფხვნილის სახით იქნება, რომლის გამოყენება მომავალშიც იქნება შესაძლებელი. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ფხვინილი უნდა გაზავდეს წყალში, რომლის მოპოვება მალე მთვარეზეც გახდება შესაძლებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, მთვარეზე „დროის კაფსულის“ ერთი კილოგრამის გაგზავნა დაახლოებით 1,2 მილიონი დოლარი,  Pocari Sweat-ის რეკლამა კი სავარაუდოდ, 8 მილიონ დოლარამდე დაჯდება. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა დაახლოებით იმდენივეა, რაც აშშ-ის Super Bowl-ის მიმდინარეობისას გაშვებული 1-წუთიანი რეკლამის სანაცვლოდ უნდა გადაიხადოთ.