"ვითიბი ჯგუფის" კომპანიებმა საერთაშორისო ფაქტორინგული გარიგება განახორციელეს

"ვითიბი ჯგუფის" კომპანიებმა საერთაშორისო ფაქტორინგული გარიგება განახორციელეს.

"ვითიბი ბანკის" ინფორმაციით, "ვითიბი" ჯგუფის შვილობილი სტრუქტურების მიერ განხორციელდა გარიგება, ორფაქტორიანი საერთაშორისო ფაქტორინგის მოდელით, რომლის ფარგლებშიც, "ვითიბი ბანკი ჯორჯიამ" დაუწესა ლიმიტი ქართული ღვინის ერთ–ერთ წამყვან მწარმოებელს, კომპანია "მარნის კარს", 1,200,000 ლარის ოდენობით, ხოლო "ვითიბი ფაქტორინგმა" – საკუთარ თავზე აიღო დებიტორის რისკები. მათივე ინფორმაციით, ფაქტორინგი წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, როდესაც დაფინანსების საფუძველია ფაქტორის (ბანკის) მიერ კლიენტის (გამყიდველის) დებიტორული დავალიანების შესყიდვა. როგორც ბანკში აცხადებენ, ფაქტორინგული მომსახურება მყიდველს საქონლის ან გაწეული მომსახურების შეძენისას გადავადებული გადახდის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო გამყიდველი მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ანაზღაურებას იღებს საქონლის მიწოდებისთანავე.

ამასთან ერთად, ფაქტორინგი წარმოადგენს კომპლექსურ მომსახურებას. ფინანსირების მიღმა იგი მოიცავს გადაუხდელობის რისკის დაზღვევას, საინფორმაციო-ანალიტიკურ და შემგროვებლის მომსახურებას. "საერთაშორისო ფაქტორინგი, ქართული კომპანიებისთვის წარმოადგენს რისკების მინიმუმამდე შემცირების ეფექტურ საშუალებას და უგირავნო ფინანსირების ინსტრუმენტს. გარიგების გაფორმება შესაძლებელი გახდა, ვითიბი ჯგუფის შიგნით ეფექტურად გამართული ურთიერთთანამშრომლობის სქემის წყალობით", - განაცხადა "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ.

"ჩვენ კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე გააქვს თურქეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ესტონეთში, ყაზახეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვიყავით ერთ–ერთი პირველი კომპანია, რომელმაც რუსეთს მიაწოდა ღვინო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, 2013 წელს. ჩვენთვის რუსული ბაზარი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ვითიბი ჯგუფის ფართო შესაძლებლობების გამოყენება, საშუალებას მოგვცემს გავამყაროთ ჩვენი პოზიციები რუსულ ბაზარზე და ხელს შეუწყობს ბიზნესის მოცულობის ზრდას", – განაცხადა კომპანია "მარნის კარის" ხელმძღვანელმა, მამუკა გვალიამ გარიგების შესახებ კომენტარის გაკეთებისას.

"ქართული ღვინო, მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესოდ ითვლება. ქართველი ღვინის მწარმოებლებისა და რუსეთის საცალო მოვაჭრეების მხარდაჭერით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საერთაშორისო ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ნაწარმის მოხვედრას", - განაცხადა "ვითიბი ფაქტორინგის" გენერალურმა დირექტორმა, ანტონ მუსატოვმა.