შრომის მონიტორები "ბარამბოს" ქარხნის თანამშრომელთა შრომით პირობებს გაეცნობიან

შრომის მონიტორები დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიასთან, შრომისა და დასაქმების პილიტიკის დეპარტამენტის უფროსთან ელზა ჯგერენაიასთან და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, ბარამბოს ქარხნის თანამშრომელთა შრომით პირობებს გაეცნობიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სამინისტროს წარმომადგენლები თანამშრომლებსაც გაესაუბრებიან და პირადად შეაფასებენ მათ სამუშაო გარემოს. ბარამბოს ქარხანა უკვე 42-ე საწარმოა, სადაც შრომის მონიტორების ვიზიტია დაგეგმილი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი დეტალურად შეისწავლიან ქარხანაში არსებულ სამუშაო პირობებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ კი ინსპექტორები ქარხანაში განმეორებით ვიზიტსაც განახორცილებენ.

შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამის მიზანია დაეხმაროს დამსაქმებელს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაში. შრომის ინსპექცია ახდენს პრევენციას სამუშაო ადგილზე მიღებული დაზიანებებისგან და შემდგომ უკვე საკომპენსაციო ხარჯისგან. "წლის ბოლომდე 150-ზე მეტი კომპანია შემოწმდება, რაც საშუალებას მოგვცემს ამ მიმართულებით გარკვეული სურათი გამოიკვეთოს", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.