Bentayga - ყველაზე ძვირად ღირებული და სწრაფი "ჯიპი"

მომავალი წლიდან მსოფლიოს ახალი ყველაზე ძვირად ღირებული ყველგანმავალი ეყოლება Bentley Bentayga-ს სახით.

ულტრა-ლუქს კლასის პირველი SUV-ის ფასი ამერიკაში 229 100 დოლარიდან დაიწყება, ბრიტანეთში 160 200 ფუნტიდან, გერმანიაში კი 208 500 ევროდან. Bentley Bentayga მომავალი წლიდან გაიყიდება. სავარაუდოდ, Bentayga მხოლოდ რამდენიმე წლით შეინარჩუნებს ყველაზე ძვირად ღირებული ქროსოვერის წოდებას, ვინაიდან 2018 წლიდან ამ ტიტულს Rolls-Royce-ის ახალი პროექტი, სამუშაო სახელწოდებით Project Cullinan მოიპოვებს. სავარაუდოდ, მისი ღირებულება 400 ათას დოლარს გადააჭარბებს.

ამ დროისთვის კი ბაზარზე ყველაზე ძვირად ღირებული "ჯიპი" 218 000 დოლარად ღირებული Mercedes-Benz G65 AMG და Land Rover Range Rover SV Autobiography-ია, რომელიც 200 000 დოლარი ღირს.

ამავე საფასო კატეგორიაში მოხვდებიან ისეთი ქროსოვერებიც, როგორიცაა Lamborghini Urus, Aston Martin DBX და Maserati Levante, რომელთა გაყიდვებიც ასევე მომდევნო წლებში იგეგმება.

”ბენტლის” სიახლის შესახებ, რომლის პრემიერაც რამდენიმე დღეში ფრანკფურტის ავტოშოუზე უნდა გაიმართოს, უკვე ცნობილია ზოგიერთი დეტალი.

მათ შორის ის რომ ”ბენტაიაგა” აღიჭურვება 12-ცილინდრიანი ორმაგი-ტურბო ძრავით, რომელსაც ”ბრიტანელი” მისი გერმანელი პატრონისგან - Volkswagen Group-ისგან მიიღებს და რომლის სიმძლავრეც 608 ცხენის ძალა იქნება. ამ მონაცემების თანახმად, Bentayga არა მხოლოდ ყველაზე ძვირად ღირებული, არამედ ყველაზე მძლავრი სერიული წარმოების ქროსოვერიც იქნება. მისი მაქსიმალური სიჩქარე 301 კმ/სთ-ს მიაღწევს, ხოლო ”ასიანს” 4,1 წამში აკრეფს.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ 2017 წელს (სრული საწარმოო წლის განმავლობაში) ”ბენტაიაგას” 3 500 ერთეულს გაყიდიან, რაც კომპანიის წლიურ საერთო მაჩვენებელს გაზრდის და 2018 წლისთვის 15 ათასს მიაღწევს. გასულ წელს ”ბენტლიმ” 11 020 ავტომობილი გაყიდა.

კოკა კვირკველია