სტეფანწმინდაში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ევროკავშირმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტეფანწმინდაში საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

პროგრამა სამი საპილოტე პროექტით დაიწყება, რომელიც ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. პროგრამა ევროკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობით არის დაფინანსებული და ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ევროკავშირი ხელს შეუწყობს რეგიონების თემებისა და თვითმმართველობის უკეთეს ჩართულობას ადგილობრივი განვითარების პროცესებში, ასევე მოხდება დივერსიფიცირებული ბიზნესის განვითარება, როგორიც არის მაგალითად ბავშთა მხარდასაჭერი ბიზნესი, სასტუმროების მშენებლობა ან ეკოტურიზმის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს სოფლად დასაქმების შესაძლებლობას და სიღარიბის დაძლევას. თითოეული პროექტის ფარგლებში დაინტერებული პირები გაივლიან პროექტისა და ბიუჯეტის შედგენის, ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგებს, რის შემდგომ წარმატებულ პროექტს გრანტის მიღების შესაძლებლობა მიეცემა. რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), რომლებიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას.

ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილის, კარლო ნატალეს განცხადებით, პროგრამის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რეგიონებში, გარდა სოფლის მეურნეობისა, ალტერნატიული ბიზნესი განვითარდეს. "ეს შექმნის მეტ სამუშაო ადგილს და ადგილობრივ მოსახლეობას ალტერნატიული შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს, რათა დაძლიონ სიღარიბე და ეს მოსახლეობა რეგიონებში დაბრუნდეს",- განაცხადა კარლო ნატალემ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ აღნიშნული საპილოტე პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. "2016 წელს გვექნება სოფლის განვითარების სტრატეგია, უკვე დღეს კი ვიწყებთ საპოლოტე პროგრამებს 3 მუნიციპალიტეტში. კერძოდ, შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები, რომლებიც შეიმუშავებენ კონცეფციას, თუ რა საჭიროებების წინაშე დგას ესა თუ ის მუნიციპალიტეტი", - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

რეგიონებში პროექტების განმახორციელებლები არიან ქეა-ავსტრია (ლაგოდეხი), ადამიანი გაჭირვებაში-ჩეხეთის რესპუბლიკა (ყაზბეგი) და მერსი ქორპსი-შოტლანდია (ბორჯომი). აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაცებს რეგიონული განვითარების საქმეში გამოცდილი ევროპელი პარტნიორები ყავთ, როგორიც არის ესპანური ორგანიზაცია ETEA-ს ფონდი, ჩეხეთის რესპუბლიკის ადგილობრივი საქმოქმედო ჯგუფების ეროვნული ქსელი და შოტლანდიური ორგანიზაცია Angus Council.