"ბიძინა ივანიშვილის სადაზღვევო კომპანიამ არასრულ ერთ წელიწადში 39 ტენდერში გაიმარჯვა"

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სადაზღვევო კომპანიამ არასრულ ერთ წელიწადში 39 ტენდერში გაიმარჯვა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და კომპანიების ჩამონათვალიც, რომლებმაც აღნიშნულ სადაზღვევო კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს და რომლის შემოსავალმაც, მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად იმატა.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ წარუდგინა საზოგადოებას კორუფციული სქემები, სადაც მთავარ როლს ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრე თამაშობდა. ბანკ "ქართუს" შემოსავალი 2014 წელს წინა წელთან შედარებით 17-ჯერ გაიზარდა. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და რომლის ფინანსური მდგომარეობა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თანაც ბიუჯეტის ხარჯზე - შპს დაზღვევის კომპანია "ქართუ". 2001 წელს შექმნილმა ორგანიზაციამ პირველი ტენდერი 2014 წელს მოიგო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, არასრული ერთი წლის განმავლობაში 39 ტენდერში გაემარჯვა და საერთო ჯამში, 1 მილიონზე მეტი ლარი მიეღო. სადაზღვევო კომპანიის 82%-ზე მეტს ბანკი "ქართუ" ფლობს, დაახლოებით 18%-ს კი - კომპანია "რინგოლდ ფინანას ლიმიტედი", რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე. საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ნათესავი არჩილ მამაცაშვილია. უმეტეს შემთხვევაში "ქართუ" ტენდერების ერთადერთი მონაწილე იყო, რაც პროცესის ხელოვნურად შეზღუდვის ეჭვს წარმოშობს. ასევე, აღსანიშნავია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი (SPA140031350), რომელიც 2014 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება მხოლოდ სამი დღე წარმოებდა (6-9 იანვარი), მათ შორის ერთი დასვენების დღე - შობა იყო", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დეპუტატმა ასევე წარმოადგინა იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც, მისი თქმით, მოულოდნელად ერთხმად გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილის სადაზღვევო კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება. ესენია: იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის მერია, თბილისის საკრებულოს აპარატი, თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, თვითმმართველი ქალაქი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი, აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი), საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, შპს საქაერონავიგაცია, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საპარტნიორო ფონდი, საქართველოს ფოსტა, ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრი და საქართველოს ტელერადიოცენტრი.