აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ და დალიანის მუნიციპალიტეტმა მემორანდუმი გააფორმეს

დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოეწერა ქალაქ დალიანში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიამდე, ირაკლი ღარიბაშვილი დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მემორანდუმი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს. დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით კი, ერთობლივი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრის დასწრება, არის დასტური ორ ქვეყანას შორის ახალი, დინამიური თანამშრომლობის დასაწყისის.

დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას, ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და ქალაქის დაგეგმარების მიმართულებით.