საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ

საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ, – გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის და ჩინეთის პრემიერ-მინისტრ, ლი კეციანის შეხვედრაზე მიიღეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ კუთხით საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება. მათივე განმარტებით, მხარეებმა ურთიერთობების სხვა კუთხით გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, რასაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი.  ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს ქვეყნებს შორის გახშირებული ვიზიტების დინამიკაც. შეხვედრაზე აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.

მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივაზეც. საუბარი შეეხო "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა. აღინიშნა, რომ 15-16 ოქტომბერს თბილისს ჩინეთიდან მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. პრემიერ–მინისტრებმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებაც იმსჯელეს. გამოითქვა იმედი, რომ ბანკის დაფინანსებით არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება.

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორია. 2014 წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 პროცენტით მოიმატა.