პეკინის ქუჩა #23-ში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟისთვის სპეცტექნიკა მივიდა

თბილისში, პეკინის ქუჩა #23-ში, ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

ყოფილი საბავშვო ბაღის ეზოში ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი. მოქალაქეების თქმით, მათ პროტესტს იწვევს აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის აშენება. მათი თქმით, მშენებლობა პეკინის #23-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიული კორპუსების კიდევ უფრო დაზიანებას გამოიწვევს. ადგილობრივების თქმით, მათ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი უკვე შეიტანეს და აღნიშნულ ტერიტორიაზე მერიას მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის უჩივიან.

საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. "თავისუფალი დემოკრატების" წევრის გია ცაგარეიშვილის თქმით, პრობლემა ისე უნდა გადაიჭრას, რომ მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება მოხდეს.  "შესაძლოა, კერძო საკუთრებაა, თუმცა აქ ირღვევა მოქალაქეების უფლებები. ჩემი აზრით, პროექტის გადახედვა უნდა მოხდეს, საკითხის მოგვარებითუნდა დაინტერესდეს ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. მე მესმის, რომ ის გლობალური მასშტაბის პოლიტიკოსი გახდა და გაცდა გალაქტიკას, მაგრამ ის უნდა დაინტერესდეს საბურთალოელების პრობლემებითაც", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აცხადებს, დღემდე მოქალაქეებთან საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატები, არც დავით უსუფაშვილი და საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი არ მისულან.

ამ დროისთვის მოქალაქეები ყოფილი საბავშვო ბაღის "საპოვნელას" ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. ეზოში მობილიზებულია ასევე შენობის დემონტაჟისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკა. ადგილზე არ იმყოფებიან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები.