რა არის "როუდშოუ" და რამდენად მნიშვნელოვანია ის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის? რატომ არის საქართველო და ქართული საბანკო სექტორი მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტორებისთვის?
რამდენად მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკასა და მისისაინვესიციო იმიჯის ფორმირებაში? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "თიბისი ბანკის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ფინანსების მართვის დარგში, გიორგი შაგიძეს ვესაუბრეთ.
- როგორც ცნობილია, კომარციული ბანკების წარმომადგენლები გარკვეული ინტენსივობით ხვდებიან პოტენციურ ინვესტორებს, ე.წ. "როუდ შოუს" ფორმატში. განგვიმარტეთ, რა არის "როუდშოუ" და რამდენად მნიშვნელოვანია ის ინვესტიციების მოზიდვისთვის?
- "როუდ შოუ" არის შეზღუდულ ვადაში არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრის, მათი გაცნობის და მათთვის ფინანსური შედეგების წარდგენის პროცესი. ამ შეხვედრების დროს, ინვესტორებს აქვთ საშუალება თავისუფლად დასვან მათთვის მნიშვნელოვანი შეკითხვები და უკეთ გაეცნონ კომპანიის საქმიანობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ "როუდ შოუ" საჯარო კომპანიების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. "როუდშოუს" ატარებს ყველა კომპანია, რომელსაც შეხება აქვს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებთან - სააქციო თუ სასესხო კაპიტალის მოზიდვის მიზნით ან მას შემდეგ. "როუდ შოუ" შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ - ტრანზაქციის გაკეთების მიზნით თუ ინვესტორებთან ახალი შედეგების და მოვლენების მიმოხილვის მიზნით.
სტანდარტული "როუდ შოუ" 10-15 დღე გრძელდება. ამ პერიოდში, მსოფლიოს ფინანსურად მნიშვნელოვან ქალაქებში ჩავდივართ და დღეში, დაახლოებით, 5-8 ან მეტ ინვესტორს ვხვდებით. საბოლოოდ, ერთი "როუდ შოუს" განმავლობაში შეიძლება 50-80 ინვესტორთან მოხერხდეს შეხვედრა.
ამასთან, მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ეს საქმიანობა საზოგადოდ ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, რისი ბენეფიციარი მარტო "თიბისი ბანკი" კი არა, მთელი ქვეყანა ხდება. ბუნებრივია, როდესაც ინვესტორი იცნობს ქვეყანას, გარკვეული ინვესტიცია აქვს განხორციელებული და კომფორტულად გრძნობს თავს, თუნდაც ქვეყნის ერთ კომპანიასთან, გაცილებით უფრო ადვილი ხდება მისი დაინტერესება სხვა კომპანიის მხრიდან.
- რეგიონში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე (რუსეთის და საბერძნეთის ფაქტორები, სავალუტო კრიზისები) როგორ ახერხებს "თიბისი ბანკი" ინვესტორების დაინტერესებას?
- ბუნებრივია, რეგიონში რაც ხდება, ეს ინვესტორებს აშფოთებს და მათ განწყობაზე გავლენას ახდენს. თუმცა არსებობს ძალიან ბევრი საკითხი, რომლითაც საქართველო რეგიონში არსებული სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა. ქვეყანას აქვს საკმაოდ ცხადი უპირატესობები და ჩვენი წარმატება სწორედ იმით იზომება, თუ რამდენად კარგად შევძელით წარმოგვეჩინა ეს უპირატესობები არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებთან.
ჩვენ ვცდილობთ, ხაზი გავუსვათ, თუ რამდენად ლიბერალურია ქვეყანა, დივერსიფიცირებული ეკონომიკით, თვალსაჩინო რეფორმებით, იგივე საერთაშორისო რეიტინგებით, მათ შორის, ბიზნესის კეთებისა თუ ეკონომიკის გამჭვირვალობის მხრივ, ასევე, დაბალი გადასახადების დონით. ეს ფაქტორები ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს რეგიონში. შემდეგ გადავდივართ საბანკო სისტემაზე, რომელიც ნამდვილად არის ქართული ეკონომიკისთვის ერთ-ერთი წამყვანი სექტორი და ყველა აღიარებს, რომ პროდუქტებით, გამჭვირვალობით თუ მართვის ხარისხით ის ერთ-ერთი გამორჩეულია არა მარტო პოსტ-საბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ კავკასიიდან მხოლოდ ორი კომპანიის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ორივე ქართული ბანკია. ამის შემდეგ, ჩვენი ინვესტორებთან პრეზენტაცია გადადის უშუალოდ "თიბისი ბანკზე", რომელიც უდავოდ ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე ფინანსური შედეგებით და აქვს გამორჩეული საინვესტიციო შესაძლებლობები.
- ინვესტიციების განხორციელებამდე, რა შიდა ფაქტორებით ინტერესდებიან ინვესტორები და ზოგადად რამდენად მიმზიდველია ქართული ბაზარი მათთვის?
- ქართულ ბაზარს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია, ინვესტორებს კარგად ავუხსნათ რითი არის საქართველო გამორჩეული და რატომ უნდა განახორციელონ საქართველოში ინვესტიცია. საქართველო პატარა, განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც, სამწუხაროდ, არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით და არც შემოსავლის დონით გამოირჩევა. შესაბამისად, არ იწვევს ინვესტორების ბუნებრივ დაინტერესებას. გარდა ამისა, მიმდინარე მოვლენები რეგიონში კიდევ უფრო მეტად ახდენს გავლენას ინვესტორების განწყობაზე. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ გამორჩეულები როგორც რეფორმებით, ასევე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით. ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის გეგმები ინვესტორების მიერ დადებითად ფასდება და ზრდის საქართველოს მიმზიდველობას საინვესტიციო კუთხით.
რაც შეეხება ინტერესებს, შეგვიძლია სამ კატეგორიად დავყოთ: მაკრო-ეკონომიკური გარემო, ინდუსტრია და კომპანიის ფუნდამენტური მაჩვენებლები. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ შემთხვევაში, ინვესტორები ჯერ მაკრო გარემოთი ინტერესდებიან, შემდეგ საბანკო სფეროთი და იქ მიმდინარე მოვლენებით, ბოლოს კი თავად ბანკით, მისი სტრატეგიით, მენეჯმენტით, გამჭირვალობის სტანდარტით, ფინანსური შედეგებით და ზოგადად სამომავლო პერსპექტივებით.
- რა სირთულები შეიძლება ახლდეს მოლაპარაკებების პროცესს და ამ დროს რაიმე ტიპის მხარდაჭერა თუ სჭირდებათ ბანკებს?
- არ მგონია, რომ პირდაპირი ტიპის რაიმე მხარდაჭერა გვჭირდებოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საინვესტიციო გარემოს მუდმივი გაუმჯობესება და საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის იმიჯზე ზრუნვაა. ეს მიმართულებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინვესტიციის მოზიდვისას და რაც უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მათ, მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი და სხვა კომპანიების ძალისხმევა ინვესტიციების მოზიდვისა და განვითარების კუთხით.
როგორც აღვნიშნე, ინვესტორებს საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე კომფორტს უქმნის სტაბილური საინვესტიციო გარემო, მზარდი ეკონომიკა, ისევე როგორც ევროინტეგრაციის პერსპექტივა და სხვა დადებითი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოვლენები.
- რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გამოხატავენ დაინტერესებას ქართული ბაზრით და ძირითადად, რა მიმართულებებით?
- ჩვენ შემთხვევაში, ინტერესს ძალიან ბევრი ქვეყანა გამოხატავს. ევროპული საინვესტიციო ფონდებიდან, ბუნებრივია, ძირითადი ნაწილი ბრიტანულია. არის ინტერესი სკანდინავიის ქვეყნებიდან და ინვესტორების მნიშვნელოვანი ნაწილია ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს ჯგუფი არის საკმაოდ დინამიკური და მუდმივად იცვლება. ჩვენ არ გვგონია, რომ ეს შეზღუდული წრეა - ვმუშაობთ, რომ უფრო მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, შორეული აზიიდან.
ბუნებრივია, ინვესტორების ინტერესშია ყველა ის სექტორი, რომელსაც საქართველოში განვითარების განსაკუთრებული პერსპექტივა აქვს. ჩვენ, ჯერ-ჯერობით, საბანკო სფეროზე ვართ ფოკუსირებული. თუმცა მიმართულებებს, რომლებსაც ქვეყანაში განვითარების პოტენციალი აქვს, ასევე აქვს იმის პოტენციალი, რომ ინვესტორები დააინტერესოს. მათ შორისაა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ასე შემდეგ.
- როგორც ცნობილია, კავკასიიდან მხოლოდ 2 ბანკის აქციები ივაჭრება ლონდონში. ამ პერიოდის განმავლობაში, საბანკო სექტორმა რა მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა ქვეყანაში და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციის რამდენ პროცენტს შეადგენს იგი?
- მაგალითისათვის, მხოლოდ ბოლო 5 წელს თუ ავიღებთ, საფინანსო სექტორში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 700 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ პერიოდში განხორციელებული მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13-15%-ს შეადგენს. ამის გარდა, ამავე პერიოდში, საბანკო სფეროში განხორციელდა სხვა ტიპის, პორტფელური ინვესტიციები, რომლის მოცულობამ დამატებითი 700 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოუტანა ქართულ ეკონომიკას. უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული სესხების პორტფელი კი ბოლო 5 წელიწადში 400 მილიონი დოლარით გაიზარდა. ანუ საბოლოო ჯამში, მხოლოდ ბოლო 5 წელიწადში, საბანკო სფეროს სახით შემოსული კაპიტალი 4 მილიარდ ლარზე მეტია. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ეკონომიკა სულ 25-დან 30 მილიარდ ლარამდეა.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბანკების მიერ ინვესტორების მოზიდვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის?
- პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ინვესტორების მოზიდვის გარეშე წარმოუდგენელია. როგორც ვიცით, ნებისმიერ კომპანიას სჭირდება დამატებითი კაპიტალი ზრდისა და განვითარებისთვის და სამწუხაროდ ადგილობრივი დანაზოგები საკმაოდ მცირეა ამ მოთხოვნის დასაფინანსებლად. გარდა ამისა, უცხოურ ინვესტიციებს შემოაქვს ცოდნა, ხდის კომპანიას კონკურენტუნარიანს და აყალიბებს ბიზნეს სტანდარტებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის.
ინვესტორების მოზიდვაში ბანკებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. პირველ რიგში, თავად ბანკებს შემოაქვთ დიდი ინვესტიციები, როგორც ზემოთ ვთქვი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ბანკების მიერ შემოტანილი პირდაპირი ინვესტიციები 13-15%-ია და ზოგადად შემოტანილი კაპიტალი კი 4 მილიარდ ლარამდე. მეორე, გამართული საბანკო სისტემა მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი ინვესტიციისათვის, მათ შორის, არასაბანკო ინვესტიციისათვის. ძნელი წარმოსადგენია ინვესტიციების შემოდინება გამართული საბანკო სისტემის გარეშე. ბოლოს, და ეს ალბათ, ამ ეტაპზე, საქართველოსთვის სპეციფიკური საკითხია, ქართული ბანკების მიერ გაწეული სამუშაო ინვესტორებთან ურთიერთობის კუთხით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხელს უწყობს ინვესტორების მხრიდან ქვეყნის მიმართ ინტერესის ზრდას.